“კურაციო” UNDP-ის დაფინანსებით, სახელმწიფო კლინიკების ჰოლდინგის სტრატეგიას შეიმუშავებს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკებისთვის სწორი სტრატეგიის ქონა ამ პანდემიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობას ატარებს.

“გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ “კურაციოს”, რომელიც შექმნის სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას. პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს სიმძლავრეები იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ჯანდაცვაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ მუშაობას ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის თქმით კი, UNDP-ისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის გაღრმავება COVID-19-ის პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

“სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 სავაადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე, კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისაგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის,” – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში “რესპუბლიკური საავადმყოფო,” “ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო,” და “ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” არიან გაერთიანებული. 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჰოლდინგის ხელმძღვანელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.

2015-2019 წლებში ეს კლინიკები “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებას წარმოადგენდა და მათ მართვას “კლინიკების მართვის კომპანია” ახორციელებდა, თუმცა, 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კლინიკების მართვა კვლავ სამინისტროს დაუბრუნდა.

ახალი ამბები