მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა საქართველოში

სტატუსი: დახურული პროექტი

შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

პროექტის მიზანია აფთიაქებში მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვება; რეცეპტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე ფარმაცევტულ მრეწველობაში არსებული პრაქტიკის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირება აღნიშნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ კვლევის მეხუთე რაუნდს ატარებს.  კვლევა მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

პროექტის მიზანი ფარმაცევტულ სფეროში შემდგომი კვლევების ჩატარებაა. მეხუთე რაუნდის ფარგლებში მედიკამენტების ფასების განსასაზღვრად წინა რაუნდების დროს გამოყენებული მეთოდის ანალოგიური საერთაშორისო მეთოდი იქნება გამოყენებული. კვლევის მსვლელობისას მკვლევარები შეეცდებიან მოიპოვონ ინფორმაცია წინასწარ შედგენილ სიაში შემავალი მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შესახებ (ორიგინალი ბრენდების და მინიმალური ფასის გენერიკული მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტით ან მის გარეშე გაიცემა).

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ფასების საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებაც არის შესაძლებელი. ამ მიზნით ორგანიზაციის Management Science for Health (MSH) მიერ რეკომენდებული  გარე სტანდარტები („მედიკამენტების ფასების საერთაშორისო მაჩვენებელი“) გამოიყენება. გარდა ამისა, კვლევის დახმარებით მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის ტენდენციაც  განისაზღვრება.

საკვლევი მედიკამენტების საიმპორტო ფასების შესახებ საბაჟო მონაცემებს (ადგილობრივ წარმოებული მედიკამენტების გარდა) მკვლევარები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან იღებენ. ამის საფუძველზე გაანგარიშდება საკვლევი მედიკამენტების ფასების მარჟის პროცენტი, როგორც ორიგინალი ბრენდების, ასევე გენერიკული მედიკამენტებისთვის.