მტკიცებულებათა ბაზის შექმნა აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული პროგრამისთვის ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერებით

პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე.

პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის რეფორმას. პროექტი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა.

პროექტის პირველი (1) კომპონენტის – არსებული აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება – ფარგლებში შეფასდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა, რამაც მოგვიანებით აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემუშავება გახადა შესაძლებელი. აივ ინფექციის ეპიდზედამხედველობის სისტემის მიმართ არსებული საერთაშორისო მიდგომების და მოთხოვნების გამოსაკვლევად, აგრეთვე ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტების დასადგენად და სამართლებრივი გარემოს განსასაზღვრად გამოყენებული იქნა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და მოხდა ლიტერატურის მიმოხილვა. მოცემული კომპონენტის ფარგლებში აგრეთვე გატარდა შემდეგი ღონისძიებები: ჯანდაცვის ობიექტების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ლაბორატორიების/ სისხლის გადასხმის სადგურების ინფორმაციის ნაკადების, ტექნიკური შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების შეფასება; კადრების აივ ინფექციის/შიდსის ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებული უნარების და სუსტი მხარეების გაანალიზება.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის საფუძვლიანი შეფასების შედეგად შემუშავდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა. გეგმა მკაფიო, საუძვლიან და გამოსადეგ ინფორმაციას მოიცავს და სახელმძღვანელო დოკუმენტს, ადეკვატური ფინანსური და ტექნიკური რესურსების მობილიზაციის ინსტრუმენტს წარმოადგენს. მასში მოცემულია ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის ძირითადი კონცეფციებისა და მოდელების შესახებ და გვთავაზობს სხადასხვა მონაწილეებსა და პასუხისმგებელ მხარეებს შორის სამუშაოს ეფექტიანად განაწილების გზებს. აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა განმარტავს რა ფინანსური შედეგები აქვს სხვადასხვა სტრატეგიულ ალტერნატივას იმისათვის, რომ განისაზღვროს ფინანსური საჭიროებები და მოხდეს რესურსების ეფექტიანად მობილიზაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემდეგ, პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის ეროვნული სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც განმარტავს რუტინულ ეპიდზედამხედველობის სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს. აღნიშნული პროცედურები მოიცავს ნებაყოფლობით კონსულტაციას და ტესტირებას, კონსულტაციას სისხლის ანალიზის აღებამდე და მის შემდეგ და აივ ტესტირებისას სინჯების ტრანსპორტირების წესებს. აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციები დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს N 217/პ ბრძანებულებით 2010 წლის 23 ივლისს.

გარდა მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცებისა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის მოთხოვნებზე და რეგისტრაცია/შეტყობინება/ანგარიშგების პროცედურებზე ინფორმაციის მისაწოდებლად.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის საფუძველზე შეიქმნა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა აგროვებს ყველა ტესტირება გავლილ პირზე მონაცემებს ეპიდემიოლოგიურ ჯგუფებად. მონაცემების საშუალებით პროგრამა ავტომატურად გამოითვლის რუტინულ ეპიდზედამხედველობის ყველა მაჩვენებელს და ამზადებს სხვადახვა ტიპის ანალიტიკურ ანგარიშებს.

პროექტის მეორე (2) კომპონენტი ითვალისწინებდა აივ ინფექცია/შიდსის სენტინელური ეპიდზედამხედველობის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას, რეგისტრაციის/შეტყობინების/ანგარიშგების ფორმების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების ჩათვლით. სენტინელური ეპიდზედამხედველობით მონაცემთა შეგროვება უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებული აივ ინფექცია/შიდსის სტატისტიკურ მონაცემებს და გააძლიერებს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობას საქართველოში.

მესამე (3) კომპონენტი მოიცავდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევას ბიომარკერის კომპონენტით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში, კომერციულ სექსმუშაკებში და პატიმრებში და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის (BSS) სტანდარტული მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას, სტანდარტული მეთოდოლოგიის, მონაცემთა შეგროვების სტანდარტული ინსტრუმენტების/კითხვარების და მონაცემთა ანალიზის სტანდარტული ფორმატის ჩათვლით. ახლად შექმნილი აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან: რუტინული ეპიდზედამხედველობა, სენტინელური ეპიდზედამხედველობა და ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა.

მიყევით ლინკს: ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები ბიომარკერის კომპონენტით

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა (ინგლისური ვერსია)

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმა (ქართული ვერსია)

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის შეფასების ანგარიში (ინგლისური ვერსია)

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის შეფასების ანგარიში (ქართული ვერსია)