პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან, 2014

საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურცენტრ „თანადგომასთან” თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.

დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის  აივ ვირუსით ინფიცირების  4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტი მესამეზე  (13%).  რისკის ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი პრევალენტობა დადენილია მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი კავშირი   მამაკაცებთან. 2012 წელს თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ამ ჯგუფში აივ ინფექციის პრევალენტობა 13%-ია.  ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელებისათვის  მნიშვნელოვანია პოპულაციის სავარაუდო ზომის ცოდნა.

პროექტი განხორციელდა გლობალური ფონდის საქართველოსთვის გაცემული გრანტის ფარგლებში. კვლევის დიზაინის და ანალიზის ეტაპზე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კვლევის ანგარიში.

 

————————

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გლობალური შიდსის რეაგირების მიმდინარე ანგარიში. საქართველო 2014.

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“,საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა”. აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში, ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით 2012 წელს, 2013.