პუბლიკა: მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის ტენდენციებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.

„რამდენიმე მიზეზის გამო, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, ჩვენი ნაფიქრალი საზოგადოებას გავუზიაროთ, რადგან ვხედავთ კიდევ ერთი აფეთქების (ტალღის) მოახლოებას და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ის, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვიხილეთ არ განმეორდეს. როგორც ცნობილია, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი ტემპი აღინიშნებოდა და დღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,450-მდე ავიდა 5 დეკემბერს, რამაც ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია.“ – ვკითხულობთ მკვლევართა ერთობლივ წერილში.

მკვლევართა აზრით ეპიდემიოლოგიური სურათის შესაძლო გაუარესებაზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი მიანიშნებს.

კერძოდ:

1. გასული კვირების მანძილზე შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობის მობილობის ზრდა გამოიწვია (რაც Google Mobility ანგარიშებით დასტურდება) და ეს იმ ფონზე როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეისთვის IHME -ს მონაცემებით საგანგაშო ნიშნულზე დავიდა (43%), მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო.

2. თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელების ბოლო კვირების დინამიკას, აშკარაა, რომ 10 მარტიდან მოყოლებული COVID19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა 14-დღიანი პერიოდისთვის (ევროპის CDC-ს მიდგომა), მატებით ხასიათდება. ანუ ინფექციის გავრცელება უკვე ბოლო ორი კვირაა მზარდია, თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ ნელი ტემპით.

3. ასევე, ბოლო 18 დღეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელის (Rt), თუმცა ეს მაჩვენებელი 1-ს მხოლოდ შვიდი დღის წინ გადასცდა. ეს მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს თუ გვინდა რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციაზე ვისაუბროთ.

4. და ბოლოს, ასევე იზრდება ტესტირების 7 დღიანი საშუალო პოზიტიურობის მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული დღიური ტესტების რაოდენობის მიმართ მეტად სენსიტიურია (რაც შაბათ-კვირას მნიშვნელოვნად მცირდება) და გარკვეული რყევებით ხასიათდება.

მკვლართა აზრით, ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არ გავიმეოროთ ის შეცდომები რაც 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნების გამო დავუშვით როგორც მთავრობამ და პოლიტიკურმა ესტებლიშმენტმა ასევე საზოგადოებამ.“ – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.

მკვლევართა აზრით, საჭიროა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ატარონ პირბადე.

გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის მზაობა როგორც ჰოსპიტალური ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

„სავალალოა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე დაბალია სამედიცინო პერსონალში აცრების დონე.“ – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.

ახალი ამბები