პუბლიკა: ორი კვირაში გამოჩნდება, სად ვიქნებით, ჯერ რომ კარგად მოვედით, ეს ფაქტია – გიორგი გოცაძე

გაეცანით საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტ გიორგი გოცაძის ინტერვიუს კორონავირუსის გავრცელების მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც ონლაინ გამოცემა პუბლიკაში გამოქვეყნდა.

13 აპრილს „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოში ეპიდემიის შემაკავებელ ღონისძიებებზეა საუბარი და ორგანიზაცია ცდილობს, პასუხი გასცეს შეკითხვებს: რა შედეგები გამოიღო გატარებულმა ღონისძიებებმა და ამ ღონისძიებებთან კავშირში ეპიდემიის ზრდის ტემპი როგორ იცვლება საქართველოში.

ექსპერტების დასკვნის მიხედვით,  საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.

13 აპრილს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერთ, რომ საქართველოში დადასტურებული შემთხვევები, ჯერჯერობით, ექსპონენციალურად არ იზრდება. შემთხვევების ზრდა წრფივი – ნელი ტენდენციით ხასიათდება. ამის შემდეგ იყო ორი დღე, როცა 24 საათის განმავლობაში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გათვალისწინებით, იცვლება ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გავრცელების ხასიათი. თქვენი შეფასება?

30 ახალი შემთხვევა 24 საათის განმავლობაში ნახტომი არაა და ამ შემთხვევების გათვალისწინებითაც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში, ჯერჯერობით, შემთხვევები ექსპონენციალურად არ იზრდება. ზრდა არის წრფივი და ნელი ტენდენციით ხასიათდება.

ასევე, რომ გვითხრათ, მომავალ 10 დღეში დადასტურებული შემთხვევების შესაძლო რაოდენობაზე პროგნოზი რას ეფუძნება, რა მეთოდოლოგიით ტარდება ასეთი პროგნოზები. „კურაციოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა, თუ საქართველოში შემთხვევათა ზრდა  ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მაშინ, სავარაუდოდ, მომდევნო 10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა, თუ ვივარაუდებთ, რომ დღეს ინფიცირებულთა მხოლოდ 50-60% არის გამოვლენილი, მაშინ მომავალ ათ დღეში შეიძლება, 850-1400 ახალ პაციენტს ველოდოთ.

ეპიდემიოლოგია მეცნიერებაა და მისი პროგნოზირებაც მეცნიერებაა – ეფუძნება კონკრეტულად მეთოდოლოგიებს, რომელიც სხვადასხვანაირი არსებობს. ბევრი მათემატიკური მოდელია, რომელიც გამოიყენება და აბსოლუტურად ზუსტი არცერთი არაა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით მიდიხარ, სად შეიძლება იყო, სად შეიძლება არ იყო. ერთ-ერთი მათემატიკური მოდელი ესაა, თუმცა იქ დოკუმენტშიც წერია, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის, მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

12 აპრილს გამოქვეყნებულ დოკუმენტში თქვენ საუბრობთ მონაცემებზე, რომელიც ეროვნულ სტატისტიკაში ყოველდღიურად არ ქვეყნდება. მაგალითად, არ ვიცით, კარანტინში მყოფი პირებიდან რამდენს დაუდასტურდა ვირუსი. ასევე, კონტაქტების რა ნაწილში მოხდა ინფექციის გადადება და შემდგომ შემთხვევის დადასტურება. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის ცოდნა და ამ მონაცემების გარდა, კიდევ რა ინფორმაციის გამოქვეყნებაა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც სფეროს ექსპერტისთვის?

ეს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგია სულ შედარებაზეა და ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. შედარების გარეშე ვერსად ვერ მიდიხარ. ჩვენ შესადარებელი რაც გვაქვს, ეს არის NCDC-ის სტატისტიკა – რამდენი შემთხვევა იპოვეს დღეს. რამდენი იყო ქალი/კაცი არ ვიცით/ასაკი არ ვიცი.  არ ვიცით ეს შემთხვევა იპოვეს კარანტინში, საზღვრის კვეთის შემდეგ იზოლაციაში მყოფი ხალხისგან, კონტაქტებში – მათ ეს ყველაფერი იციან. მათ ეს ყველაფერი აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით.

მეორე საკითხია ის, რომ თვითონ რესურსებში შეზღუდულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს მონაცემები – ასაკი, სქესი, შემთხვევის წარმომავლობა.  ეს ისეთი დეტალური ეპიდემიოლოგიური მონაცემებია, რომლებიც ძალიან ბევრი მეთოდის ეფექტიანობაზე გვაძლევს ინფორმაციას.

მოდელირებისას რომ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, მივიღებთ პროგნოზის უკეთეს მაჩვენებელს და ეს პროგნოზი გვჭირდება იმისათვის, რომ სწორად დავგეგმოთ ჯანდაცვის სისტემაზე მოსალოდნელი დარტყმა ან დაწოლა.

ჩვენი ორგანიზაცია არაერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და გვაქვს შესაძლებლობა, ამ ორგანიზაციების მათემატიკოსებთან და ეპიდემიოლოგებთან ვიმუშაოთ, მაგრამ თუ ეს ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია არ გვაქვს, რაზე უნდა ვიმუშაოთ?

ყველა ჟურნალმა მოხსნა ბარიერი ყველა სტატიაზე, რომელიც covid-19-ს ეხება. ნებისმიერი სტატია და ნებისმიერი ჟურნალი მთელი მსოფლიოსთვის უფასოა. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ კოლექტიური ცოდნით და ერთად მუშაობით, ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება ამ პრობლემის დამარცხება. მობილიზებულია საზოგადოება საიმისოდ, რომ ეს მტერი დავამარცხოთ. ამიტომ ამ საზოგადოების ჩართულობისთვის საჭიროა, მონაცემები იყოს საჯარო.

ჩვენს ორგანიზაციას ncdc-თან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება. „კურაციოს“ მონაცემებზე წვდომის პრობლემა არ ექნებოდა, უბრალოდ, ეს არ იქნება სწორი ფორმატი. ერთი, რომ დაკავებულები არიან ცენტრში იმისათვის, რომ ჩვენი ინდივიდუალური მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ამიტომ ეს უნდა გახადონ საჯარო და ეს იქნება სწორი ფორმატი.

ტესტირების გაფართოებულ ალგორითმზე მინდა გკითხოთ – როგორ აფასებთ ამ ალგორითმს და მის იმპლემენტაციაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

მე ალგორითმის ექსპერტი ან სპეციალისტი არ ვარ, რომ თავად ალგორითმზე ვისაუბრო. სამედიცინო განათლება მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ შეფასებისგან. რაც შეეხება რისკჯგუფებს, რომლებიც გამოყოფილია ალგორითმში, ნამდვილად მგონია, რომ ადეკვატურია.

მოდი, ვიმსჯელოთ ლოგიკურად. რამდენი კვირაა, ისმის ტესტირებაზე კითხვები? სავარაუდოდ, ამას ჩვენთან საუბრობენ დაახლოებით 6 კვირაა. ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი 14 დღეა, ანუ, თუ მე რაღაც არ ჩავატარე, 14 დღეში ამ შეცდომის შედეგი უნდა დავინახო, უნდა ამიფეთქდეს რაღაც და იმან 14 დღეში კიდე ახალი ტალღა უნდა მომცეს. ტალღა არაა 30 კაცი ერთ დღეში, ტალღა არის 100, 200 კაცი.

თუმცა იყო ერთეული შემთხვევები, სადაც, სავარაუდოდ, სწორედ ალგორითმის არცოდნის ან ტესტების ხელმისაწვდომობის გამო, შემთხვევა გაიპარა. ქობულეთის შემთხვევას ასეთ მაგალითად განიხილავენ.

კი, შესაძლოა და ყოველთვის იქნება ასეთი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ ერთეულ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ და შევხედოთ შედეგს.

ერთსა და იმავე პერიოდში დაგვეწყო ეპიდემია და უახლოეს მეზობლებზე შედარებით სამჯერ და ოთხჯერ ნაკლები გვაქვს შემთხვევები, ანუ რაღაც კარგად გავაკეთეთ.

მსოფლიოში იმხელა მოთხოვნა გაჩნდა რომ წარმოების სიმძლავრეები აღარ არსებობს. ხარისხიანს ვამბობ, უხარისხო ბევრია ხელმისაწვდომი. ხარისხიანი მომწოდებლების პრობლემაა – ეფექტიანად ვიმუშავეთ თუ არა ამ გარემოში, ამის შეფასება გამიჭირდება. მესმის, რომ პრობლემაა, მაგრამ გლობალურ კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს პრობლემა.

ეპიდემიოლოგებმა მოიგეს დრო – ვირუსი სწრაფად არ გავრცელდა და ეს დრო ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინათ. რა ინფორმაციას ფლობთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადებასა და ჩართულობაზე? ასევე, თუ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის, როგორ უმკლავდება ე.წ. ცხელების კლინიკები და  ცხელი ხაზი პაციენტების ნაკადების მართვას.

პირველადი ჯანდაცვის ნაწილში გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები. გამოიცა სერიოზული ბრძანება. პროტოკოლი არსებობს და მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება,  დამენახა მათი ნამუშევარი, ვინც ხელები დაიკაპიწა და ეს ყველაფერი აკეთა. რაც შეეხება, როგორ მუშაობს ეს სისტემა, როცა ხდებოდა გაშვება, იმ ეტაპზე ინფორმაცია მაქვს. დღეს ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ მიმართოთ 112-ს და გამოითხოვოთ სტატისტიკა, რამდენი ზარი შევიდა და რამდენი ზარი იქნა ნამართი. მგონია, რომ მანდ საქმე გაკეთდა და სერიოზული ფარი ავაშენეთ, რომ თუ ტალღა მოვიდა და დაგვარტყა, ეს ტალღა დავიჭროთ. ასევე, გამტარუნარიანობა კარგი უნდა ჰქონდეს ამ სისტემას. როგორ მუშაობს, რამდენი ზარი შედის და ა.შ. ეს ინფორმაცია არ მაქვს.

ჰოსპიტალურ ნაწილში მე ვისაუბრებ თქვენი კოლეგების რეპორტაჟებში ნანახით. ვხედავ, რომ თბილისის გარეთ საავადმყოფოები  მართავენ შემთხვევებს. ინფიცირებულთა ჰოსიპიტალიზება არ ხდება მარტო თბილისში. ეს მაჩვენებელია იმის, რომ მოგებულმა დრომ მოგვცა საშუალება, შეგვექმნა პროტოკოლები და ეს ხალხი მოგვემზადებინა.

გასაგებია, რომ ეს არის კოვიდსაავადმყოფოები და მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმ საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებული არ შეჰყავთ, სადაც უკვე გვქონდა შემთხვევა, რომ ინფექცია გაიქცა. საავადმყოფოების ეს ნაწილი დასაცავია, რადგან გვჭირდება მათთვის, ვისაც სხვა საჭიროება ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა ბრძოლის ველზე ყველა ერთიანდება და ერთი გენერლის ქვეშ ყველა აკეთებს საქმეს. დღეს არის ბრძოლა უხილავ მტერთან, რომელიც ძალიან ცუდად გვებრძვის.

დღეს უნდა გავერთიანდით და ტელევიზორის მიღმა ვაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ჩვენი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მოდელირებებში იმდენი ადამიანია ჩართული, იმდენი ახალგაზრდა მუშაობს, რომ აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ ამხელა მუხტის არსებობით.

თქვენ წერთ, რომ საქართველო, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, რამდენი ხანი გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და როდის დაიწყოს „სოციალური“ (ფიზიკური) დისტანცირების ღონისძიებების ეტაპობრივი შერბილება ისე, რომ ეკონომიკური ცხოვრება გააქტიურდეს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდეს. რა კითხვებზე პასუხებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს დილემა მეტ-ნაკლებად წარმატებულად გადაჭრას.  მხოლოდ ქვეყნის შიგნით ეროვნულ დონზე გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ ცოდნა, ალბათ, არაა ერთადერთ ფაქტორი, რაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება ქვეყანას.

რეალობა რა არის? რეალობა არის ის, რომ ამ ვირუსის მახასიათებლების შესახებ ცოტა რამ ვიცით და ყოველდღიურად მსოფლიო სივრცე მდიდრდება ამ ინფორმაციით. ის, რაც ერთი კვირის წინ არ იყო, დღეს არსებობს. თითოეულ მოგებულ კვირას და დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა. პლანეტის არცერთი კუთხე არაა დარჩენილი, რომ, ვისაც რა შეუძლია, არ ქმნიდეს რაღაც ცოდნას ამ ვირუსის შესახებ. არის კვლევები, რომელსაც ცოტა მეტი დრო სჭირდება.

მაგალითად, სამი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ამბობს, 20%-მა გადაიტანა უსიმპტომოდ. ერთი ამბობს, 39%-მა გადაიტანა უსიმპტომოდ. უსიმპტომო გადატანა ნიშნავს, რომ ამ პაციენტებს ვერასოდეს დავიჭერთ, ვერ დავინახავთ და ისინი ინფექციას გაავრცელებენ. ეს აბსოლუტურად სულ სხვა რამეზე მეტყველებს. მაგრამ ხომ უნდა დავრწმუნდეთ, რამდენი პროცენტია, ვისაც უსიმპტომოდ გადააქვს. ამისთვის დაგეგმილია და ტარდება გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყანაში სეროპრევალენტობის კვლევები, რომელიც წარმოაჩენს უფრო სარწმუნო სურათს [სეროლოგიურია კვლევა, რომელიც არა კოვიდდაავადებულებში არამედ, ზოგადად, მოსახლეობაში ტარდება – ვიღაც მივიდა კბილის ექიმთან, აუღებენ სისხლს, ნახავენ შედეგს. უროლოგთან მივიდა, სიმპტომი არ აქვს, აუღებენ სისხლს ნახავენ. ეს სპეციალური მეთოდია და ნახავენ, მოსახლეობას გადატანილი აქვს თუ არა. თუ გადატანილი აქვს, გამოკითხავენ ჩივილებზე].

როცა ეს გახდება ცნობილი,  ვირუსთან ბრძოლის მთელი სტრატეგია შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს. თუ ინფიცირებულთა 50% დადის ქუჩაში და ავრცელებს ისე, რომ ვერასოდეს გაიგებს, რომ ინფიცირებულია – არასოდეს სიცხე არ აუწევს და ექიმთან არ დარეკავს, მაშინ ჩვენ, რაც არ უნდა ვაკეთოთ, იმ 50 %-ს ვერასოდეს დავიჭერთ. თუ ასეთი შემთხვევები საერთო რაოდენობის 5%-ია, სხვა ამბავია და თუ 50%  – სხვა.

თუ, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ 50%-ს უსიმპტომოდ გადააქვს, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს.  უნდა გავხსნათ სახლის კარები და შევცვალოთ ცხოვრების წესი სამსახურებში – დავაშოროთ მაგიდები ერთმანეთს  და შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია. დავაყენოთ შუშები და სხვანაირად გადავიარაღდეთ, მაგრამ ამ ყველაფერს დღეს ხომ არ დაიწყებ, როცა არ იცი, რა ხდება, რეალურად.

ასევე, მნიშვნელობა აქვს, სამკურნალო მედიკამანტები როდის გამოჩნდება.

მესამე ფაქტორია ეპიდემიის პიკი, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. არ ვიცი, მოდით, დავიცადოთ. ერთი კვირის წინ იყო ბზობა, კვირას აღდგომაა, ორი კვირაც გავა  და დავინახოთ, სად ვართ როგორ ვართ. ჯერ რომ კარგად მოვედით, ეს ფაქტია, მაგრამ სად ვიქნებით მაისის შუა რიცხვებში, არ ვიცი და ამის ზუსტი პროგნოზი არავის შეუძლია.

მარტივი ლოგიკა გაქვს, წინა კვირას იყო ბზობა, იყო აღდგომა და ორი კვირა ვაცადოთ, ვნახოთ რა მოხდება. სხვა ხომ არაფერი ხდება? მაისის შუა რიცხვებში ბევრ რამეს დავინახავთ.

ახალი ამბები

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *