ჯანდაცვის სისტემების კვლევა

საერთაშორისო ფონდი კურაციო , დაარსების დღიდან, მუშაობს ჯანდაცვის სისტემების კვლევის მიმართულებით. ფონდი, კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად, ამზადებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, მაღალხარისხიან კვლევებს ჯანდაცვის სისტემის ამა თუ იმ კომპენენტის შესახებ. ასევე, ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სტრატეგიას კვლევის შედეგების ფართო გავრცელებისთვის და ვაწვდით მათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მედიაორგანიზაციებს, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებსა და მათ მომხმარებლებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კურაციოს გუნდის ინტელექტუალური რესურსი და კვლევითი ინტერესების სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გამდიდრდა ჩვენი პროფესიული გამოცდილება, გაიზარდა ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების მოცულობა.

დღეს, კურაციოს განსაკუთრებული ინტერესის სფეროშია, დაეხმაროს დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების მთავრობებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასეთი ქვეყნებისთვის დონორთა დახმარების მდგრადობის საკითხს. ჩვენ ვიკვლევთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ ასეთი ქვეყნების დონორთა დახმარებიდან გამოსვლის, ტრანზიციის პროცესს.

კურაციოს საქმიანობა, ჯანდაცვის სისტემების კვლევის მიმართულებით, ასევე მოიცავს ჯანდაცვის დაფინანსების მოდელების, სამედიცინო დაზღვევის სქემების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, იმუნიზაციის, აივ-ინფექციის გავრცელების, ფარმაცევტული და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის კვლევებს. ჩვენ ვაანალიზებთ ამ სფეროებში არსებულ პრობლემებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს, ვსწავლობთ სახელმწიფოს მიდგომებისა და პროგრამების ეფექტურობას და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა თუ მისი ცალკეული კომპონენტი.