Business Media: “მეეჭვება, საქართველო გაწვდეს ისეთ რთულ ვაქცინას, როგორიც Pfizer-ია” – გიორგი გოცაძე

საქართველომ კოვიდ ვაქცინაციისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი 2 დეკემბერს შექმნა. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადოს ქვეყანა როგორც ლოჯისტიკურად, ისე – ინფრასტრუქტურულად ვაქცინაციისთვის. ამასთან, სანამ ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს, ასარჩევია ვაქცინაც და განსასაზღვრია სამიზნე ჯგუფებიც. ასევე, ჩასატარებელია საინფორმაციო კამპანიაც. სპეციალისტები დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის შეძლებს საქართველო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, თუმცა ცნობილია, რომ საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა. ჯამში კი, ვაქცინაციაზე მთავრობას 17 მლნ დოლარი აქვს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ვიცით ისიც, რომ მოქალაქეებისთვის ვაქცინა უფასო იქნება. “საქართველო ჩართულია კოვაქს პლატფორმაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დამტკიცებული ვაქცინებიდან ერთ-ერთს აირჩევს. კერძოდ, “კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ავარჩევთ; ვაქცინის შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი უნდა იყოს”, – აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
როგორც ცნობილია, უკვე დამტკიცებულია და დაიწყო Pfizer-ის წარმოებული ვაქცინის გამოყენება და უახლოეს პერიოდში ნებართვას ელოდება moderna-ს და astrazeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინები.

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი გიორგი გოცაძე, რომელიც ასევე კონსულტანტად არის ჩართული კოვიდ-ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფში, ამბობს, რომ “ეს ვაქცინები ლოჯისტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალიან რთულია”,  შესაბამისად, მისი აზრით, ჩვენმა ქვეყანამ ორიენტირი უნდა გააკეთოს ისეთ ვაქცინებზე, რომელთა ტემპერატურული რეჟიმი საქართველოს პრაქტიკას შეესაბამება.

„არის ჩინური ვაქცინა, რომელსაც დროებითი და გადაუდებელი გამოყენებისთვის რამდენიმე ქვეყანაში ნებართვა მისცეს. მაგალითად, რამდენიმე ჩინურ ვაქცინას ჩინეთსა და აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში აქვს გამოყენების უფლება მინიჭებული. დღეს დიდი ყურადღება ეთმობა სამ ვაქცინას (Pfizer; moderna; astrazeneca), თუმცა 53 ვაქცინაა შემუშავების ფაზაში და იანვარ-თებერვალში ვაქცინების სპექტრი მდიდარი იქნება.

Pfizer-ი ძალიან რთულია შინაარსობრივად. ის -70 , -80 გრადუსზე უნდა ინახებდეს. მისი ლოჯისტიკური მოთხოვნები დიდ სირთულეს შეიცავს და ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც კანადაა, ჯარს იყენებს ლოჯისტიკის სამარათავად, რომ ეს ვაქცინა ჩამოიტანონ ქვეყანაში და მიიტანოს დაწესებულებამდე. მეეჭვება, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას უნარი შეგვწევს ან შესაძლებლობა ან თანხობრივად გავწვდებით ასეთ რთულ ვაქცინას მოვეჭიდოთ.

მეორე არის moderna, რომელიც შედარებით ნაკლებ ტემპერატურას საჭიროებს -20 გრადუსს, მაგრამ ასევე რთულია. ქვეყნის ცივი ჭაჯვი აწყობილია 2-8 გრადუსზე და ალბათ ჩვენ უფრო უნდა ავიღოთ გეზი ისეთი ვაქცინისკენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ცივი ჯაჭვი და სპეციალისტების გამოცდილება გაუმკლავდება. ასეთი ვაქცინები კი, ფაიფლაინში ძალიან დიდია. 85% სწორედ ამ ტემპერატურულ რეჟიმზე შეინახება. ჩვენი ორიენტაციაც აქეთკენ უნდა იყოს, რომ გავამარტივოთ ის რთული ლოჯისტიკა, რომელიც წინ გველოდება“, – აცხადებს გიორგი გოცაძე.

რაც შეეხება სამიზნე ჯგუფებს, როგორც გოცაძე ამბობს, ამ მხრივ, არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც  ამ მხრივ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

„ქვეყნების უმეტესობა ამბობს, რომ პირველი რიგის ფრონტის მებრძოლები არის მთავარი ჯგუფი, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ გვქონდეს ჯანდაცვის სისტემა. მეორე მოწყვლადი ფენა ეს არის ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეები, რომელთა დავადების რისკი მაღალია. ეს ორი პრიორიტეტული ჯგუფი აუცილებელია იყოს გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, იმედია, შემდგომი 10 დღის განმავლობაში ამაზე პრინციპული შეთანხმება მოხდება“, – აცხადებს გოცაძე.

რაც შეეხება სამოქმედი გეგმას, კონსულტანტები ამბობენ, რომ ნაწილი ამ გეგმისა შესაძლებელია მზად იყოს უკვე წლის ბოლომდე, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის არჩევაზე და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, სრული სამოქმედო გეგმა, თუ რა პროცესები უნდა გაიაროს ქვეყანამ ვაქცნაციამდე, ცნობილი ვერ იქნება.

„რაც შეეხება ლოჯისტიკას და სხვა სამოქმედო ასპექტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვაქცინის არჩევაზე. თუ არ ჩავთვლით ჩინურ და რუსულ ვაქცინას, სანდო მარეგისტრირებლისგან ნებართვა მიღებულია აქვს Pfizer-ს; moderna ელოდება წლის ბოლომდე, astrazeneca კი – იანვრის დასაწყისში. იმდენი რამეა უცნობი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სანამ ეს კომპანიები არ დადებენ კლინიკური კვლევის შედეგებს და მსოფლიო არ მისცემს ნებართვას, ვფიქრობ, ბევრი საკითხი, რომელიც ვაქცინას უკავშირდება, ვერ გადწყდება. წლის ბოლომდე ბევრი რამ იქნება ცნობილი, ბევრი რამ არ იქნება ცნობილი, სამოქმედი გეგმა ვერ გაკეთდება სრულად, სანამ ვაქცინები ნებართვას არ მიიღებენ“, – აცხადებს გოცაძე.

იხილეთ სტატიის პირველწყარო.

ახალი ამბები

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი გიორგი გოცაძე, რომელიც კონსულტანტად არის ჩართული კოვიდ-ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფში, ამბობს, რომ “ეს ვაქცინები ლოჯისტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალიან რთულია”,  შესაბამისად, მისი აზრით, ჩვენმა ქვეყანამ ორიენტირი უნდა გააკეთოს ისეთ ვაქცინებზე, რომელთა ტემპერატურული რეჟიმი საქართველოს პრაქტიკას შეესაბამება