Business Media: რამდენი საწოლია საქართველოს საავადმყოფოებში?

Business Media კიდევე ერთ სტატიას აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის კვლევაზე დაყრდნობით.

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, საქართველოს საავადმყოფოებში სულ 17,500 საწოლია, რაც ყოველ 1000 მოსახლეზე 4.5 საწოლს ნიშნავს. ორგანიზაციების შეფასებით, საწოლების არსებული რაოდენობა ამჟამად მოსახლეობის საჭიროებებს აღემატება, რის გამოც მათი საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი მხოლოდ 49%-ია. კვლევის თანახმად, საწოლების სიჭარბე ძირითადად საშუალო და მცირე საავადმყოფოების მატებამ განაპირობა.

“საავადმყოფო საწოლების რაოდენობა აღემატება მოსახლეობის საჭიროებას. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ის (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე კი ინვესტირებული კაპიტალისა და სხვა რესურსების არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს.

ძირითადად ბაზარზე შემოვიდა მცირე ზომის და, სავარაუდოდ, დაბალი ეფექტიანობის დაწესებულებები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია წამყვანი დაწესებულებების ბაზრის წილზე, თუმცა შეამცირა დადგმული სიმძლავრეების ეფექტიანი უტილიზაციის მაჩვენებელი.

სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ, პროგრამაში მონაწილე პროვაიდერების სელექციის მკაცრი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. შედეგად, 2014-2019 წლებში ამბულატორიულ დაწესებულებათა რიცხვი – 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა”, – ნათქვამია კვლევაში.

2019 წელს ქვეყანაში მოქმედი საავადმყოფოები სულ 551 ათას ჰოსპიტალიზაციას მოემსახურნენ, მათი მთლიანი შემოსავალი კი 2 მილიარდი ლარი იყო. უფრო დეტალურად კლინიკების შემოსავლების და მიღებული პაციენტების რეიტინგის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

ახალი ამბები