COVID-19 ეპიდემიის მიღწევები და გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება No 3

18 მაისის განახლება, თბილისი

22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება.

თუ გადავხედავთ ეპიდემიიის განვითარების დინამიკას, რომელიც საქართველოში დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო, ყველასთვის ცნობილია, რომ გავრცელება შენელდა. გრაფიკზე გამოსახულია COVID19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 14-დღიანი პერიოდისთვის  (ევროპული CDC-ს მიდგომა), რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ვირუსის გავრცელების დინამიკას, რაც აშკარად კლებადია.

გავრცელების შენელების ტენდენცაზე ასევე მიუთითებს ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელის (Rt) ცვლილება, რომელიც ბოლო ორი კვირაა 1-ის ქვემოთ არის, რაც ეპიდემიის ჩაქრობის აუცილებელი წინაპირობაა.

თუმცა ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინფექციის გავრცელების შენელების ეს დინამიკა  საყოველთაო ჩაკეტვის შედეგად არის მიღწეული და ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა ტენდენცია გვექნება შეზღუდვების შესუსტების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ეპიდემიის ტალღა გადავიარეთ.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ წარმოდგენილი მაჩვენებლები საშუალო ეროვნულია და როგორც წესი არ ასახავს/„მალავს“ გეოგრაფიული კლასტერების სპეციფიკურობას, სადაც გავრცელება მაღალია და საჭიროებს დამატებით ეპიდსაწინააღმდებო ღონისძიებებს. ამას ჩვენი ეპიდემიაც მოწმობს, ვინაიდან გვაქვს ბოლნისის, მარნეულის კლასტერები.

როგორც აღვნიშნეთ, სადღეისოდ არსებული სურათი უდავოდ მიღწევაა, რაც ადრეული და მკაცრი ზომების გატარების შედეგია და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმატებაა, მაგრამ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. შესაბამისად, რა ნაბიჯები უნდა დავგეგმოთ და გადავდგათ, რომ არ დავუშვათ ინფექციის აფეთქება და მაღალი გავრცელება.  ამისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია შემდეგი:

ახალი მტკიცებულებების გამოყენება გადაწყვეტილების ნებისმიერ ეტაპზე. რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ? აქ ბუნებრივია არ შევეხებით მკურნალობის კუთხით დაგროვილ მტკიცებულებებს, არამედ იმას, რაც დაგვეხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთლობისათვის ადეკვატური და ეკონომიკისთვის ნაკლებ საზიანო ქმედებების განხორციელებაში. ის თუ რამდენად უფრო ეფექტურია ცალკეულად აღებული პრევენციული ღონისძიება ჯერ კიდევ კვლევის საგანია, თუმცა ცნობილია, რომ კარანტინი და იზოლაცია, დისტანცირება და მოსახლეობის ქცევითი ცვლილებები მნიშვნელოვანია ინფექციის გადაცემის შესამცირებლად. მოდელირებით ჩატარებული კვლევები მიუთითებს რომ გარკვეულმა ღონისძიებებმა მეტი შედეგი გამოიღო ინფექციის გადაცემის შესამცირებლად. მაგ. მასობრივი ღონისძიებების და ზოგიერთი ბიზნესის (მაგ. სასტუმროები) დახურვა ეფექტური სტრატეგიებია, ხოლო ყველა ბიზნესის დახურვა და „სახლში დარჩენა“ შესაძლოა ნაკლებ ეფექტური იყოს. ჰონგ-კონგის მონაცემებზე დაყრდნობით სადაც საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადებულა, სკოლების დაკეტვამ, ნიღბების ტარებამ და მოსახლეობის მიერ თავშეყრისგან თავის შეკავებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ინფექციის გადაცემა. ცნობილია, რომ ნიღბების გამოყენება ეფექტური სტრატეგიაა ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის,1, 2  მაგრამ ნიღაბის არასწორი გამოყენება შეიძლება დამატებით საფრთხის შემცვეელი იყოს3  რაც ხაზს უსვამს ნიღბების სწორი გამოყენების შესახებ მოსახლეობის განათლების აუცილებლობას.

ფიზიკური დისტანცირება, ხველის ეტიკეტი და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით (არა ხელთათმანის გამოყენება, რომელიც ასევე დამატებით რისკების ქმნის) ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებად რჩება.

სკოლების დახურვის სარგებლიანობა ეპიდემიის მართვაში კვლავ განხილვის თემად რჩება და უკავშირდება ბავშვებში ინფექციის მიმღებლობას და ბავშვებიდან ინფექციის გავრცელებას. დღემდე სკოლებში კლასტერების მცირე რაოდენობა არის აღწერილი. სადღეისოდ არსებული მტკიცებულებებიმიუთითებს, რომ ბავშვები ნაკლებად ინფიცირდებიან. ასევე დაბალი ალბათობაა, რომ ბავშვები თავად იყვნენ ინფიცირების წყარო, არამედ ბავშვები ინფიცირდებიან გაზრდილი საოჯახო კონტაქტების შედეგად. შესაბამისად მნიშვნელოვანია დაველოდოთ და დავაკვირდეთ რა მტკიცებულებები დაგროვდება, მით უფრო, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გაიხსნა სანაგანმანათლებლო დაწესებულებები.

სადღეისოდ ანტისხეულების განსაზღვრაზე დაფუძნებული (სეროლოგიური) ტესტირების გამოყენება COVID-19-ის დიაგნოზის დასამტკიცებლად ლიმიტირებულია. თუმცა სათანადო მგრძნობელობის და სპეციფიურობის ტესტების გამოყენება მოსახლეობაში გადატანილი ინფექციის დონის (პრევალენტობის) დასადგენად მნიშვნელოვანია. ბუნდოვანია ამ ტესტების გამოყენება ე.წ. „იმუნური პასპორტის“-თვის  რამდენიმე მიზეზის გამო. სადღეისოდ უცნობია რამდენად იცავს შექმნილი იმუნური პასუხი ადამიანს განმეორებითი ინფიცირებისგან და რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი. ამასთან ერთად, ამ მცდარი ინფორმაციის გამო ადამიანი უფრო დაცულად იგრნობს თავს და შესაძლოა ინფიცირების დამატებითი რისკის ქვეშ დადგეს.

სადღეისოდ გაქარწყლდა ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევაზე დაფუძნებული იმედები, ვინაიდან თუნდაც მაღალი ეპიდემიის ქვეყნებში იმუნური ფენა ვარიირებს 1%-3.4% ფარგლებში. შესაბამისად მოსახლეობა ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება ინფექცირების რისკის ქვეშ ვიდრე ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი. რამდენიმე ვაქცინა კლინიკური გამოცდის ფაზაშია, თუმცა ჯერ შედეგებმა ეფექტურობა და უსაფთხოება უნდა აჩვენოს და შემდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნებისთვის. ეს საუკეთესო ვარიანტში ერთი წლის საქმეა.

გარკვეული მტკიცებულებები დაგროვდა ჰოსპიტალიზაციასთან  დაკავშირებით. აპრილის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნების მონაცემების მიხედვით სულ დიაგნოსტირებულ COVID-19 შემთხვევათაგან 42% იყო ჰოსპიტალიზებული, ხოლო 2% მძიმე შემთხვევა იყო. საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მზაობის დაგეგმვა/გადასინჯვისთვის და სამომავლო გამოწვევებთან გასამკლავებლად საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნას გვინდა ცალკე შევეხოთ. სამედიცინო დაწესებულებები ინფექციის მაღალი გავრცელების კლასტერებად იქნა აღიარებული, ხოლო სამედიცინო პერსონალი ინფიცირების მაღალ რისკის ჯგუფს წარმოადგენს: იტალიაში ინფიცირებულთა 10% სამედიცინო პერსონალია, ესპანეთში – 20%, აშშ-ს ზოგიერთ შტატში – 11%. ინფექციის ამგვარი გავრცელების პრევენციისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის ადეკვატური მარაგები და მუდმივი სწავლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოვიდ პაციენტების მიმღები დაწესებულებებისთვის, არამედ სხვა დაწესებულებებისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების ჩათვლით. მარაგების არსებობასთან დაკავშირებული გამოცდილება გაკვეთილად უნდა მივიღოთ იმისთვის თუ როგორ მოხდეს შესყიდვების / ლოჯისტიკის პროცესის მორგება შემგომი ტალღებისთვის მოსამზადებლად.

ასევე მნიშვნელოვანია შევაფასოთ ეპიდემიის გვერდითი ეფექტები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,რასაც სავარაუდოდ მალე დავინახავთ, როგორიც არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ფსიქიკური დარღვევების მომატება, ბავშვთა იმუნიცაზიის გადავადება და ამით გამოწვეული ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესაძლო ეპიდაფეთქებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეკონომიკის გახსნისას შემდეგი 4 კრიტიკული კომპონენტის გათვალისწინებას გვთავაზობს:

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური ფაქტორები არის წამყვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • ჯანდაცვის სისტემამ ერთდროულად უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ამავე დროს გაუმკლავდეს COVID19-ის გამოწვევებს
  • აუცილებელია მოსახლეობის სოციალური და ქცევითი ფაქტორებზე ზემოქმედება და მათი აქტიური ჩართვა ეპიდემიასთან ბრძოლაში
  • სოციალური და ეკონომიკური დახმარება ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე ეპიდემიის დამაზიანებელი ეფექტის შესამცირებლად.

ასევე აუცილებელია შემდეგი 6 წინაპირობის არსებობა ეპიდემიის შემაკავებელი ღონისძიებების მოდუნება/ადაპტირების პროცესში:

  • დეტალური ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია აჩვენებს, რომ COVID19-ის გადაცემა კონტროლირებადია ქვეყანაში და მის კონკრეტულ რეგიონებში
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები შექმნილია და გაძლიერებულია რათა მოხდეს შემთხვევათა დროული გამოვლენა, ტესტირება, იზოლაცია, და მკურნალობა, კონტაქტების მოძიება და კარანტინში განთავსება.
  • პოტენციურად მაღალი გავრცელების ადგილებში (მაგ. საცხოვრისები, ხანდაზმულთა თავშესაფრები, ა.შ.) გადაცემის რისკი შემცირებულია
  • სამუშაო ადგილებზე დანერგილია ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები
  • შემთხვევების იმპორტირების რისკები (მაღალი გავრცელების არეალებიდან) მართულია
  • საზოგადოება ინფორმირებულია და ჩართულია რეაგირების პროცესში.

ზემომოყვანილი შემოთავაზებები ზოგადი ჩარჩოა, თუმცა მნიშვნელოვან მიმართულებების იძლევა. მათი გათვალისწინებით ვფიქრობთ სადღეისოდ მეტი სიცხადე არის საჭირო თუ როგორ მოხდება საზღვრების გახსნისას შესაძლო იმპორტირებულ შემთხვევების მართვა. დღემდე საქართველოში ეფექტურად იყო ორგანიზებული ყველა შემოსული ადამიანის კარანტინიზაცია, თუმცა როგორ განხორციელდება ეს პროცესი ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენისას უცნობია. ეს პროცესები მხოლოდ ახლა იწყება მსოფლიოში და ეფექტური მაგალითების მოძიება ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება.

ასევე ვფიქრობთ, რომ ინფექციის გავრცელების ამ ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებულობა სხვა აქცენტებს საჭიროებს, როგორიცაა რისკების და პასუხისმგებლობის მკაფიოდ გაცნობა,  პერსონალური დაცვის ზომების სწორ გამოყენებაზე მუდმივი კომუნიკაცია, ეპიდემიიის გავრცელებაზე ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების სხვა ფორმატის მოფიქრება (დღიურ ახალ შემთხვევებთან ერთად 14-დღიანი კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლების გამოქვეყნება და არა მარტო საშუალოეროვნული, არამედ ეპიდემიოლოგიურად ცხელი წერტილებისთვისაც). ვთვლით, რომ ექსპერტების ფართო ჩართულობა კონსტრუქციულ მსჯელობაში მხოლოდ სარგებელს მოუტანს მზადყოფნის პროცესს ზოგადად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებული ეტაპი გაიარა, წინ ბევრი გამოწვევა ელის. ვინაიდან ვირუსი მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს, შემაკავებელი ღონისძიებების შესუსტების ფონზე და საზღვრების გახსნისას ზაფხულში მოსალოდნელია შემთხვევების აფეთქება.  ეს კი ჯანდაცვის სისტემის სწრაფ რეაგირებას საჭიროებს ორი ძირითადი მიმართულებით: (ა) შემთხვევების გამოვლენა, ტესტირება, იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების მოძიება, კარანტინიზაციის ჯაჭვის უზრუნველყოფა, რაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მთლიანად სისტემის მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს და (ბ) პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, რომ ადეკვატურად გაუმკლავდეს გაზრდილი შემთხვევების რაოდენობას, თუ ამგვარი სიტუაცია აღმოცენდა.

და ბოლოს, გვინდა დავასრულოთ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსაზრებით: „მეცნიერება უნდა იყოს ყველა დონეზე გადაწყვეტილების სათავეში. რისკის დონის შესაბამისმა ინტერვენციებმა შეიძლება ინფექციის გადაცემა მინიმუმამდე შეამციროს. ასეთი ინტერვენციები უნდა ეფუძნებოდეს სარწმუნო მონაცემებს (მაგ. ადგილობრივი შემთხვევების და კონტაქტების რაოდენობა, გადაცემის მაჩვენებელი, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის შემთხვევები) და მხარდაჭერილი იყოს სანდო ტესტირებით და კონტაქტების ეფექტური მოძიებით. თუ ეს სწორად განხორციელდება ეკონომიკა შესაძლოა უფრო ადრე აღდგეს ვიდრე ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.“

ახალი ამბები

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

22 აპრილს ჩვენმა გუნდმა გაგიზიარათ მოსაზრებები ეპიდემიიის მიმდინარეობაზე, როდესაც 10 დღიანი პროგნოზით მაისის დასაწყისისთვის შემთხვევების ზრდას 1000-მდე ვვარაუდობდით. საბედნიეროდ ვირუსის ზრდა ქვეყანაში შენელდა და 17 მაისის მდგომარეობით სულ 695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დროა შევაჯამოთ გასული პერიოდი და შემდგომ ნაბიჯებზე გამოვთქვათ მოსაზრება.