ჯანმრთელი ქალები საქართველოში
პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, პროექტთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და საქველმოქმედო ფონდ „ორთოსთან“ თანამშრომლობით. პროგრამა მიმდინარეობდა 2003 წლის სექტემბრიდან – 2006 წლის ივლისამდე.
პროექტი მიზნად ისახავდა ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში. პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ განხორციელდა იმერეთის რაიონის შერჩეულ ობიექტებში, აგრეთვე ათ ამბულატორიაში პირველადი ჯანდაცვის დონეზე. პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის ობიექტებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის მომზადდა ინფორმაცია და კონსულტაციები ქალის ჯანმრთელობაზე ზრუვნის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ რაიონის ჯანდაცვის და ამბულატორიული მომსახურების პროვაიდრები, აფთიაქარები და საკრებულოს ხელმძღვანელები.
პაციენტებისთვის და კლიენტებისთვის შეიქმნა „მშობელთა სკოლა“ სამ რაიონულ ჯანდაცვის ობიექტში ინფორმაციის და კონსულტაციების ოფიციალური კურსების საშუალებით მიწოდების მიზნით. პროექტის „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა თანატოლთა განათლების სისტემა მოზარდებისთვის სკოლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პროექტის წარმომადგენლები სოფლებში დაუკავშირდნენ ქალებს, რომლებიც არ ცხადდებოდნენ ჯანდაცვის ობიექტებში.
საქართველო აბორტების რიცხვით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. პროგრამამ „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ ხელი შეუწყო ოჯახის დაგეგმვის მიზნით კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც აბორტის უსაფრთხო და ეფექტიან ალტერნატივას წარმოადგენს.
პროექტის მიზნები:
მდგრადი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის, ქალებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება ჯანდაცვის ობიექტებში (სამშობიარო სახლი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი და რეპროდუქციული ჯანდაცვის კაბინეტი) რეგიონულ და რაიონულ დონეზე ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში;
ქალებისთვის ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის, კონსულტაციის და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება, მშობიარობამდელი კონსულტაციის და კონტრაცეფციის ჩათვლით; ოჯახის დაგეგმვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ათ ამბულატორიაში, რომლებიც ორი ჯანდაცვის ობიექტის დაფარვის ზონაში მდებარეობენ ზესტაფონში და ჭიათურაში; პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიდან მეორადი ჯანდაცვის ობიექტებისთვის მიმართვის პროცედურების შემუშავება; ჯანდაცვის პროვაიდერების წახალისება მოიცვან სოფლის ობიექტებიც;
რეგიონული, რაიონული და პირველადი ჯანდაცვის ობიექტის დაფარვის ზონაში მცხოვრებ ქალებთან, მამაკაცებთან, მოზარდებთან (პაციენტები/კლიენტები, „გამოტოვებულები“ და ისინი, ვისაც არასდროს მიუმართავთ ჯანდაცვის ობიექტებისთვის) დაკავშირება; ჯანდაცვის საკითხებზე მათი ცოდნის გაღრმავება და მათ ქცევებზე ზემოქმედების საშუალებით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენების გაზრდა აბორტების მაღალი რიცხვის შემცირების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აღკვეთის და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით;
ჯანდაცვის პროვაიდერების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება ქალთა ჯანდაცვის საკითხებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების და საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულების საფუძველზე.