ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავება

შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

გლობალური ფონდი ტუბერკულოზის, შიდსის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციაა მსოფლიოში. იგი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს. გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, კერძოდ, მოისპო დაავადება მალარია (2011 წლიდან) და აივ ინფექციის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა.

მიუხედავად ამისა, 2016 წლის დასაწყისში გლობალურმა ფონდმა საქართველოში არსებული პროგრამების დაფინანსება შეწყვიტა და დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა დაიწყო. აღნიშნული პროცესი სამ წლამდე გაგრძელდება. დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შედეგად, საქართველო გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის კომპონენტების დაფინანსების გაზრდაზე გახდება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის დეტალური გეგმის არსებობა, რომელშიც დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის პროცესი დაწვრილებით იქნება აღწერილი.

აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ტუბერკულოზის და შიდსის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავება და გლობალური ფონდისგან 2012-2017 წლებში აღებული  ვალდებულებების შესრულებაა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მთელ რიგ ქვეყნებს გლობალური ფონდის დაფინანსებიდან დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შესაძლებლობის შეფასებაში ეხმარება. იგი მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავების პროცესსაც აფასებს. ორგანიზაციის გამოცდილება საქართველოში პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს.

 

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პროექტის მთავარი განმახორციელებელი ორგანიზაციაა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მთავარ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობენ ასევე ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი. ისინი პროექტის საბოლოო შედეგებს განიხილავენ და კომენტარებს უზრუნველყოფენ.

 

მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

პროექტისგან შემდეგი შედეგების მიღებას ველით:

  1. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის მონახაზის შექმნა, რომელსაც ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი ამტკიცებს;
  2. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის დოკუმენტის დამტკიცება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ;
  3. მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის მიერ.

ზემოთ აღნიშნული შედეგების მიღწევის შემდეგ, საქართველოს გლობალური ფონდის დაფინანსებიდან დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის დეტალური სამოქმედო გეგმა ექნება და ტუბერკულოზის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების მდგრადობას დონორების მხარდაჭერის გარეშე უზრუნველყოფს. გეგმა 2017 წლის ბოლოს შეფასდება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შევა.