დიარეული დაავადებების კონტროლი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში
პროექტი განხორციელდა 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: დაავადებათა კონტროლის და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილება. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ PATH. პროექტი მიზნად ისახავდა დიარეული დაავადებების კონტროლის ინიციატივის გაძლიერებას საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარებას მათ მიერ დიარეული დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების განხორციელებაში.
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნება დიარეული დაავადებების გავრცელების და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე.
ახალი ინტერვენციები, როგორიც არის როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ცინკის პრეპარატებით მკურნალობა, ორალური რეჰიდრატაციული სითხე, არსებულ მიდგომებთან ერთად, მაგ.: ორალური რეჰიდრატაციული თერაპია, ძუძუთი ექსკლუზიური კვება და გაუმჯობესებული სანიტარია და ჰიგიენა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაავადების გავრცელების და სიკვდილიანობის დონის შემცირებას ბევრ ქვეყანაში. აღნიშნული ახალი ინტერვენციების დანერგვას ხელს უშლის დაბალი გათვითცნობიერებულობა და დიარეულ დაავადებათა კონტროლის დაბალი პრიორიტეტულობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად PATH-მა შეიმუშავა დიარეულ დაავადებების კონტროლის ინიციატივა. ინიციატივის მიზანია დიარეული დაავადებების კონტროლის პრიორიტეტად ცნობა და დიარეულ დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების შემუშავება ან გადახედვა ახალი პრევენციული და სამკურნალო ზომების მიღების და არსებული ინტერვენციების გამოყენებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
ამ მიზნით, PATH-ის და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა საქართველოში დიარეული დაავადებების კონტროლის გასაუმჯობესებლად (აქცენტი გაკეთდა 5 წლამდე ასაკის ბევშვებზე) 2008-2010 წლებში. პროექტის ფარგლებში 2008 წლის 23-24 იანვარს გეგმის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალურ სემინარზე „როტავირუსი და დიარეული დაავადებების კონტროლი“. სემინარში მონაწილეობდა 50 ადამიანი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან და ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალური ალიანსიდან (GAVI). სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია არსებული მტკიცებულებების შესახებ და განსაზღვრეს დაინტერესებული მხარეების ინტერესის დონე, საჭიროებები და პრიორიტეტები. სემინარში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთის რესპულიკა, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი სფეროების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები: ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურება, ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობა და კონტროლი და იმუნიზაცია.
პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა:
ნაწლავთა ინფექციურ დაავადებებეზე ხარისხის უზურუნველყოფის ეროვნული სახელმძღვანელოს შემუშავება ლაბორატორიებისთვის. სახელმძღვანელოში შედის შემდეგი დაავადებები: სალმონელეზი, ბაქტერიული დიზენტერია, ნაწლავური ინფექცია, კამპილობაქტერიოზი, ქოლერა, ადენოვირუსი, არა პოლიო ენტეროვირუსი, როტავირუსი, ნოროვირუსული ინფექციები, ა ჰეპატიტი, ამებიაზი. ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო არსებობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
ძუძუთი კვების ეროვნული მაჩვენებლების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმირება მკურნალობის ახალ მეთოდებზე (ახალი შემადგენლობის ორალური რეჰიდრატაციული სითხე, ცინკის პრეპარატები) შესაბამისი მასალების უზრუნვლყოფით, ურთიერთობების დამყარებაში დახმარება ახალი პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე შემოტანის მიზნით;
დიარეული დაავადებების კონტროლთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციების შეტანა საოჯახო მედიცინის და პედიატრიის რეზიდენტურის კურსის სასწავლო პროგრამაში;
ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფინანსური მართვის ინსტრუმენტის განახლება, რომელიც როტავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის რუტინული იმუნიზაციის პროცესში დანერგვის ხარჯების შეფასების საშუალებას იძლევა.