საერთაშორისო ფონდ კურაციოს ერთ-ერთი მიზანი ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვამზადებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებს, რომლებიც აანალიზებს ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში არსებულ მიღწევებს, რისკებსა და გამოწვევებს. ფონდის კვლევითი დოკუმენტები ეხმარება სახელმწიფოს, მაღალი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილებები და აღმოფხვრას ამ სფეროში არსებული პრობლემები.
კურაციოს მომზადებულ კვლევებს არა ერთი სახელმწიფო დაეყრდნო ჯანდაცვის პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს შემუშავებისას. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სექტორის განვითარების დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) დაამტკიცა. ასეთივე წარმატება ჰქონდა კურაციოს სტრატეგიას აივ-ინფექციის/შიდსის შესახებ. საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ფონდის მიდგომა და სახელმწიფოს პოლიტიკა აივ-ინფექციის სფეროში ჩვენს შემუშავებულ დოკუმენტს დაეყრდნო. ამ კონტექსტში, ასევე შეგვიძლია, ვახსენოთ კურაციოს ექსპერტების აქტიური მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ტაჯიკეთის ჯანდაცვის სტრატეგია 2020-ის შემუშავების პროცესში.
კურაციომ, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსთან (AHPSR) თანამშრომლობით შექმნა პლათფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა ხელმისაწვდომობას საიმედო, აქტუალურ, სანდო და დროულ ინფორმაციაზე. პლატფორმა პილოტირებას 4 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, გადის.