ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქართველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით
ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქრთველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით
პროექტი დააფინანსა როკფელერის ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოს ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან, საქართველოს საზოგადეობრივი ჯანდაცვის და მართვის დეპარტამენტთან, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) თანამშრომლობით.პროექტი 2000 წლის დეკემბერში დაიწყო და 30 თვის მანძილზე გრძელდებოდა.
2000 წლის ზაფხულში, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ მოანაწილეობა მიიღო როკფელერის ფონდის მიერ გამოცხადებულ გლობალურ კონკურსში „ჯანდაცვის სფეროში კვლევების სტიმულირება განვითარებად ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების და გაძლიერების საშუალებით“. შესარჩევმა კომიტეტმა 83 ქვეყნიდან 542 პროექტი მიიღო. ხანგრძლივი და საფუძვლიანი შერჩევის პროცესის შედეგად, შეირჩა მხოლოდ 10 პროექტი, რომლებსაც გრანტი გადაეცა. ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ იყო წარდგენილი. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ერთადერთი ორგანიზაცია იყო ევროპიდან, რომელმაც გრანტი მიიღო. მისმა პროექტმა უმაღლესი შეფასება მიიღო 20 ევროპული ქვეყნიდან წარდგენილ 54 პროექტს შორის.
პროექტი „ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქრთველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით” შემუშავებული იქნა საქრთველოს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც მთავრობამ 1999 წელს დაამტკიცა და წარუდგინა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა კოპენჰაგენში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში, მოგვიანებით. იმავე წელს. ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის 4.12.3 მუხლი ხაზს უსვამს ქვეყანაში ჯანმრთელობის სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობის აუცილებლობას შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების მიზნით მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად.პროექტი წარმოადგენდა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის ამ ნაწილის განხორციელების მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯს და ახალი ჯანდაცვის პოლიტიკის სტრატეგიულ გეგმას შეესაბამებოდა.
იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც პასუხობს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და ყველა მოქალაქისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლიტიკა დაფუძნებული იყოს ხარისხიანი კვლევების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებაზე.პროექტის მიზანი იყო გაეძლიერებინა კვლევასა და ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სამთავრობო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით. ამ მიზნის მიღწევის სახელმძღვანელო პრინციპი იყო თანასწორობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის კვლევა, რომელიც უზრუნველყოფდა აუცილებელ მტკიცებულებას.თავის მხრივ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი სხვაობის შემცირებას შეუწყო ხელი.
პროექტი ზუსტად პასუხობდა გრანტის მიზნებს. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა საქართველოში კვლევების ეროვნული გეგმის შემუშავება, ასევე გაძლიერდა ამ სფეროში კვლევის ჩატარების შესაძლებლობები ქვეყნის მრავალ ორგანიზაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის და უცხოელი ექსპერტების მიერ გაზიარებული გამოცდილების საშუალებით. ასეთმა მიდგომამ ხელი შეუწყო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას მოაგვარონ ჯანდაცვის სექტორის არამარტო არსებული პრობლემები, არამედ ის პრობლემები, რომლებიც მომავალში შეიძლება წამოიჭრას. ჯანდაცვის კვლევის ეროვნული გეგმა (NHRA) მომავალი წლების სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცა მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო შემოთავაზებული პროექტის განსახორციელებლად. იგი ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის კომპონენტი გახდა.
ჯანდაცვის კვლევის ეროვნულ გეგმაში ყურადღება გამახვილებულია შემდეგი სფეროების კვლევაზე:
• ჯანდაცვის მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის განსხვავებული შემოსავლის მქონე ჯგუფების მიერ ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეფასების ჩათვლით და გეოგრაფიული, ფინანსური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით;
• ჯანდაცვის სისტემის საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულობა, ჯანდაცვის სისტემის, მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების, მათი ცოდნის, დამოკიდებულების და არსებული პრაქტიკის შესწავლის ჩათვლით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი კვლევითი პროექტები, ჯანდაცვის სფეროს კვლევის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ სფეროებში. გამოცხადდა კონკურსი და მკვლევარებზე გაიცა 10-მდე მცირე გრანტი. კვლევის საკითხები გრანტის მიზნებს პასუხობდა. ისინი არ ისახავდნენ მიზნად კვლევითი პროექტების მხარდაჭერას ჯანდაცვის კონკრეტულ სფეროებში (მაგ.: ბიოსამედიცინო, კლინიკური, ოპერაციული, ეპიდემიოლოგიური და ა.შ.). თითოეულ მცირე საგრანტო პროექტს კონკრეტულ საკითხზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება (მაგ.: თანაბარი ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის სისტემის უნარი დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემები და ა.შ.).
აღნიშნული ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მრავალი ასპექტის გამოკვლევა. კვლევის ბოლო ეტაპზე ხელისუფლებას რეკომენდაციები გაეწია ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. პროექტმა ხელი შეუწყო ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას ეფუძნებოდა.