ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) C ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის სერვისების ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების თვისებრივი კვლევა საქართველოში
სტატუსი: დახურული პროექტი
შესავალი და ზოგადი მიმოხილვა
ახალი სამთავრობო ინიციატივის შედეგად საქართველოს მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) საწინააღმდეგო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პაციენტებს, რომლებიც C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ტესტს ჩაიტარებენ HCV-ის სამკურნალო ძვირ მედიკამენტებს შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ (საბაზრო ფასთან შედარებით 60% -ით ნაკლებად). C ჰეპატიტის პროგრამას ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ჯანდაცვის აღნიშნული პრობლემის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. ზიანის შემცირების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც 2008 წლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ხორციელდება, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სხვა აღმკვეთ ღონისძიებებთან ერთად C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულის უფასო ტესტირებაც არის გათვალისწინებული. ყოველწლიურად საშუალოდ ინექციური ნარკოტიკის 2,000 მომხმარებელი იტარებს ტესტს. აქედან დაახლოებით 50%-ს დადებითი შედეგი აქვს. პრევენციული პროგრამების ფარგლებში სკრინინგულ ანალიზში დადებითი შედეგების მქონე პირების წახალისება ხდება, რათა მათ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით შემდგომი სადიაგნოსტიკო პროცედურები ჩაიტარონ. თუმცა ამ პირებზე ზრუნვის და მათი მკურნალობის შედეგების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, საჭიროა სწრაფად ღონისძიებების გატარება მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, დიაგნოზირების ბარიერების და ხელშემწყობი ფაქტორების გამოსავლენად, რაც თავის მხრივ ქვეყნის მოსახლეობის ეფექტიანად მოცვასა და C ჰეპატიტის ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები
საერთაშორისო ფონდ კურაციოს (წამყვანი ორგანიზაცია), საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონს“ (პარტნიორი) და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში კვლევების ჩატარების, ხარისხობრივი კვლევების მეთოდების გამოყენების, C ჰეპატიტის ვირუსთან და ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.
მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება
კვლევის შედეგად მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რაც ხელს შეუწყობს C ჰეპატიტის პროგრამის შემდგომი სტრუქტურის განსაზღვრას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კვლევის დახმარებით დადგინდება C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები. შემუშავდება სტრატეგიები ბარიერების აღმოსაფხვრელად და ხელშემწყობი ფაქტორების გასაუმჯობესებლად, რაც პროგრამის ეფექტიანობას გაზრდის.
მდგრადობის განვითარების გეგმა
საქართველოში არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ თუ რა ფაქტორები უბიძგებს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს C ჰეპატიტზე ტესტი ჩაიტარონ და დადებითი შედეგის შემთხვევაში იმკურნალონ. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ C ჰეპატიტის პროგრამის დანერგვის შემდეგ, გარემო, რომელშიც აღნიშნული პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს იცვლება (ფინანსური ბარიერების შემცირება), რომლის გავლენის კვლევა საინტერესოა. შესაბამისად, აღნიშნულ კვლევას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება.
No comments