პატრონაჟის სისტემის ფუნქციონირების შეფასება უზბეკეთში

სტატუსი: დასრულებული პროექტი

შესავალი და ზოგადი მიმოხილვა

პროექტის ძირითადი მიზანი უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობისთვის პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასებაში ტექნიკური დახმარების გაწევაა. პროექტი ძირითადად პატრონაჟის სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას ისახავს მიზნად. შეფასების შედეგად განისაზღვრება რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და  მომსახურების მოცვის არეალის გასაფართოებლად. პატრონაჟის (შინ მისვლის სერვისის) მიზანია მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების დროულად გამოვლენა, დედისა და ბავშვის დახმარების/მხარდაჭერის ძირითადი სერვისების მიწოდებაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრისა და მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გუნდი ზემოთ აღნიშნულ ამოცანას გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობით შეასრულებს. პროექტის განმავლობაში გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან. პროექტის ფარგლებში საქმიანობა სამი შერჩეული რეგიონის 15 რაიონში განხორციელდება.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გუნდის შემადგენლობაში შედიან ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი თამარ გოქსაძე და მკვლევარი ნათია შენგელია. მონაცემების მოპოვებაში გუნდს ადგილობრივი კვლევითი კომპანია და ადგილობრივი კვლევითი კონსულტანტი უწევს დახმარებას.

 

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა უზბეკეთში, უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო, უზბეკეთის ფინანსთა სამინისტრო, ასევე სოციალური მომსახურების რეგიონალური ოფისები და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ობიექტები.

 

მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ საკონსულტაციო მომსახურების შედეგად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას ექნება:

  1. არსებული პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასების ანგარიში, მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის და ხარისხის ანალიზი.
  2. რეკომენდაციები არსებული მომსახურების გაუმჯობესების შესახებ.
  3. პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის „შერეული“ მოდელის განხორციელების შესაძლებლობის შეფასება.
  4. რეკომენდაციები შინ მისვლის მომსახურების „შერეული“ მოდელის განხორციელების შესახებ.