გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) ხარისხიანი მკურნალობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ პროვაიდერების და პაციენტების მოსაზრების კვლევა უზბეკეთსა და საქართველოში

გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) ხარისხიანი მკურნალობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ პროვაიდერების და პაციენტების მოსაზრების კვლევა უზბეკეთსა და საქართველოში
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ხარისხობრივი კვლევა იმ ფაქტორების დასადგენად, რომლებიც ხელს უშლის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: უზბეკეთსა და საქართველოში. პროექტს აფინანსებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი (AHPSR). წამყვანი მკვლევარები არიან: დოქტორი ჯუდით გრინი, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა; დოქტორი მოჰირ აჰმედოვი, ტაშკენტის სამედიცინო აკადემია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა; დოქტორი გიორგი გოქსაძე, საერთაშორისო ფონდი „კურაციო“.

კვლევა იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც იკვლევს ხარისხობრივი პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას (როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური ინტერვიუსთვის) ყოფილი საბჭოთა კავშირის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, უზბეკეთსა და საქართველოში ხარისხობრივი კვლევების ჩატარების საშუალებით. პროექტი მიზნად ისახავს შეისწავლოს ხარისხობრივი მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და აგრეთვე ჯანდაცვის სისტემების შედარებითი კვლევების ჩასატარებლად. აღნიშნული კვლევა მოიცავს ორ ქვეყანას და აქვს შედარებითი კვლევის ფორმატი. თითოეულ კვლევაში გამოყენებული იქნება ხარისხობრივი მეთოდები (ინდივიდუალური იტერვიუები და ჯგუფური განხილვები) ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული იმ პრობლემის გამოსავლენად, რომელიც აქტუალურია ორივე ჯანდაცვის სისტემაში. ინტერვიუების საშუალებით გაირკვევა ის ფაქტორები, რომლებიც ექიმების და პაციენტების აზრით ხელს უშლის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

პროექტისთვის აღნიშნული თემა მთელი რიგი ფაქტორების გამო შეირჩა. პირველ რიგში იმიტომ, რომ განვითარებად ქვეყნებში არაგადამდებ დაავადებათა წილი ავადობის ტვირთში მუდმივად იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2001 წელს, არაგადამდები დაავადებები დაავადებათა ტვირთის 46%–ს შეადგენდნენ. 2020 წლისთვის მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის 56%–მდე გაზრდა. [2]

მეორე ფაქტორი, რის გამოც ზემოთ აღნიშნული თემა შეირჩა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთში ჯანდაცვის პოლიტიკაში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე აქცენტის გადატანაა. განვითარებული ქვეყნების მაგალითს განვითარებადმა ქვეყნებმაც მიბაძეს. განვითარებადი ქვეყნების ინტერესი სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართ დროულად გაიზარდა, რადგან უკეთესი ხარისხის მომსახურება ხელს უწყობს პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას სამედიცინო შეცდომების და არასაჭირო მომსახურების მიწოდების შემცირების გზით, ასევე სათანადო მედიკამენტების და პროცედურების მზარდი გამოყენებით. შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ეფექტიანობა მთელი სისტემის მასშტაბით.

გულის უკმარისობა (გუ) სიკვდიალიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და სამედიცინო ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი უკავია. დაავადების პრევალენტურობა მოსახლეობაში დაახლოებით 3-4%-ია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მოწოდების ორ ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის პროტოკოლების არასათანადო გამოყენება და პაციენტების მიერ ექიმის დანიშნულების არასათანადო შესრულებაა. უზბეკეთსა და საქართველოში გულის უკმარისობის მკურნალობისას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების დამაბრკოლებელ ფაქტორებზე ექიმების და პაციენტების მოსაზრების გასაგებად მკვლევარები პირველ რიგში ინტერვიუს ჩაატარებენ ექიმებთან, რომლებიც მუშაობენ ნიმუშის სახით სპეციალურად შერჩეულ ქალაქის და სოფლის კლინიკებში. ხარისხიანი მომსახურების ნიშნად მიიჩნევა ACE ინჰიბიტორების და ბეტა-ბლოკატორების გამოწერა. ინტერვიუს დროს ექიმებს (რაოდენობა = 10-15 თითოეულ ქვეყანაში) სთხოვენ ისაუბრონ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისადმი მათ მიდგომაზე. აღნიშნული ინტერვიუს დროს ასევე მოწმდება ექიმების მიერ ამ სფეროში არსებული რეკომენდაციების (გაიდლაინების) ცოდნა. ისინი განსაზღვრავენ მათ პრაქტიკაში ACE ინჰიბიტორების და ბეტა–ბლოკატორების გამოყენების ხელისშემშლელ ფაქტორებს. თითოეული კლინიკიდან საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მოიწვევს 5-6 პაციენტს (რაოდენობა = თვითოეულ ქვეყანაში 4 ჯგუფი ) რათა მოაწყოს ჯგუფური განხილვა და გამოავლინოს მათი მოსაზრება გულის უკმარისობის მართვის, მკურნალობის რეჟიმის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის და გამოწერილი მედიკამენტების თაობაზე. გაკეთდება ყველა ინტერვიუს და განხილვის ვიდეო ჩანაწერი, მასალა გაიშიფრება და მოხდება მისი ხარისხობრივი ანალიზი. პროექტის შედეგებს ექსპერტები შეაფასებენ. კვლევის ფარგლებში განსაზღვრული, ორ ქვეყანაში გულის უკმარისობის მკურნალობისას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების დამაბრკოლებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება სპეციალურ პუბლიკაციებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. აღნიშნული კვლევა შეადგენს შედარებით დიდ კვლევის ნაწილს, რომელიც ხარისხობრივი მეთოდოლოგიის სხვადასხვა ქვეყნებში გამოყენებში გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. მოცემული კვლევის შედეგად მოვიპოვებთ ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემების შედარებითი კვლევისთვის გამოსადეგი ხარისხობრივი მეთოდების შემუშავების შესახებ და შევქმნით ინტერნეტმასალებს, რომელიც დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სისტემის სფეროში მომუშავე მკვლევარებს.