ჯანდაცვის სისტემურ საკითხებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება

საერთაშორისო ფონდი კურაციო მიმდინარე პროექტის ფარგლებში: სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში”  ღია საზოგადოების ქსელთან ერთად მხარს უჭერს ჯანდაცვის თემით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაძლიერებას და გაერთიანებას ჯანდაცვის საკითხებზე ადვოკატირებისთვის. ამ მიზნით ვიწყებთ ერთობლივ დისკუსიას ჯანდაცვის სისტემის პრობლემურ თემებზე, რათა გამოიკვეთოს სისტემური ხარვეზები, მოიძიოს მტკიცებულებები და დაისახოს სამოქმედო გეგმა ცვლილებისთვის.

ამ ინიციატივაში გაერთიანებულია 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია.

პირველი შეხვედრა 29-30 მარტს კახეთში, ლოპოტაზე გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში შეკრებილი საზოგადოება იმსჯელებს ჯანდაცვის ერთ-ერთი აქტუალური თემის  – ფარმაცევტული ბაზრის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მზარდი ფასის ტენდენცია.

მსჯელობის მიზანია თავი მოეყაროს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის შესახებ არსებულ ცოდნას, მოვიძიოთ საჭირო მტკიცებულებები და ოფიციალური სტატისტიკა, დაიგეგმოს სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი საადვოკაციო ინიციატივები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოების ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე სამუშაო შეხვედრის გამართვა, რათა მოვიცვათ საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები.

პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო ფონდ კურაციოს ვებ-გვერდზე. ასევე თვალი ადევნეთ კურაციოს ფეისბუკის გვერდს განახლებულ შინაარსზე წვდომისათვის.

ახალი ამბები