ნარკოტიკის შემოწმება – ზიანის შემცირების ეროვნული პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი

საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.  ჩვენს ხელთ არსებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იზრდება რეკრეაციულ გარემოში არაინექციური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი. ახალი, უცნობი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ცირკულაცია საკმაოდ მნიშვნელოვან რისკს ქმნის ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, რადგან ეს ნივთიერებები მაღალტოქსიურია.

უცნობი წარმოშობის და მაღალი ტოქსიურობის ნივთიერებების მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ნარკოტიკების გამოწვეული ზედოზირების რისკებს. ბოლო წლებში, მედია საშუალებები და არასამთავრობო სექტორი სულ უფრო მეტად საუბრობს ზედოზირების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებისა და ზედოზირებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევებზე.

გამოწვევებს ის ფაქტიც ემატება, რომ ქვეყანაში მოქმედი ზიანის შემცირების პროგრამები ძირითადად მიმართულია ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრაქტიკაზე (ნემსისა და შპრიცის პროგრამა) და შიდსის პრევენციაზე და ვერ პასუხობს ნარკოტიკების მოხმარების მიმდინარე რისკებს და ნარკოსცენის ტენდენციებს.

საჭირო ხდება დაინერგოს ზიანის შემცირების უახლესი ინტერვენციები, რომლებიც უპასუხებს იქნება ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ძირეულ საჭიროებებს და მათი სამიზნე მათ შორის იქნება არაინექციური და რეკრეაციული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. აუცილებელია დაინერგოს ნარკოტიკული საშუალებების შემოწმების სერვისები (DCS), რომლებიც წვლის შეიტანენ, როგორც ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსავლებში, ასევე ნარკოსცენის მონიტორინგსა და პოლიტიკის ინფორმირებაში.

დღესდღეობით, აღნიშნული სერვისები, DCS-ის ჩათვლით, საერთოდ არ არსებობს ან არასისტემური ხასიათი აქვს.

საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ, გიორგი სოსელიას, მაია უჩანეიშვილის და თემო ხატიაშვილის ავტორობით მომზადდა პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც საქართველოში არსებული ნარკოტიკული საშუალებების შემოწმების სერვისების (DCS) მიმოიხილვას და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით აჯამებს დასკვნებს. მასში განხილულია სერვისების დანიშნულება, გავლენა, პოზიტიური ეფექტი, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო, განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა და ტექნიკური ასპექტები. პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია დასკვნები, რომლებიც მნიშვნელოვანია ზიანის შემცირების სერვისის განვითარების და ეროვნული სისტემის დანერგვისთვის. ამგვარი ანალიზი საქართველოს რეალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პოლიტიკის ნარკვევი მომზადდა სტრატეგიული პოლიტიკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ინიცირებულია ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული K2P ცენტრთანთანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული, ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი სრულად. 

ახალი ამბები