ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება მეოთხედ იკრიბება

27-29 სექტემბერს კაჭრეთში სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.  სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვდებიან. პროექტის მიზანია, ჯანდაცვის თემებზე მომუშავე ორგანიზაციების და მათი აქტიური წარმომადგენლების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ შეძლონ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე რეაგირება, გაერთიანდნენ თემის გარშემო და ერთობლივი ძალებით ჯანდაცვის სისტემა მეტად ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ადამიანზე ორიენტირებული გახადონ.

სამოქალაქო საზოგადოებასთან მეოთხე შეხვედრის მიზანი ჯანდაცვის გამოწვევებზე საპასუხოდ ეფექტური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებაა, რათა მომავალში მარტივად შევძლოთ ადვოკატირება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გამოსავლები შევთავაზოთ გადაწყვეტილების მიმღებებს. ამავე შეხვედრის ფარგლებში მოწვეული კომუნიკაციების ექსპერტი გვანცა ასათიანი საადვოკაციო კომუნიკაციის ხერხებზე, უახლეს მიდგომებზე ისაუბრებს. ასევე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს ამ საზოგადოების მომავალი ფუნქციონირებისთვის. 

წინა სამი შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებამ იმსჯელა ფარმაცევტული სექტორის გამოწვევებზე და გააანალიზა საქართველოში არსებული საბაზრო სქემა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. ასევე ვიმსჯელეთ ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკაზე, საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ბიუჯეტირების ციკლზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ‘ღია საზოგადოების’ ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება, მოვიცვათ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები ჯანდაცვაში, გავაძლიეროთ ამ საზოგადოების სისტემური ცოდნა სფეროში მომავალი ადვოკატირებისთვის და მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ახალი ამბები