სემინარი თემაზე „იმუნიზაციის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის პლატფორმების მეშვეობით“

26-27 ივლისს,  საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ უმასპინძლა სემინარს თემაზე „იმუნიზაციის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის პლატფორმების მეშვეობით“.

ერთობლივ სემინარში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ცენტრალური აზიის შვიდმა ქვეყანამ (აზერბაიჯანი, მოლდოვა, მონღოლეთი, საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა). სასწავლო სესიის მსვლელობისას აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს იმუნიზაციისა და პირველადი ჯანდაცვის ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების შერბილების სტრატეგიები და მოწინავე პრაქტიკა, მომსახურების გაუმჯობესებისა და იმუნიზაციით მოცვის დონის შენარჩუნების, აღდგენის და გაზრდის მიზნით.

სემინარი   მხარდაჭერით უზრუნველყო ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურმა ალიანსმა (GAVI), ორგანიზაციამ Results for Development (R4D), ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდმა (UNICEF).

იმუნიზაციის სამოქმედო ქსელი Linked იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) ახალი სტრატეგიული მიდგომის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია საშუალო შემოსავლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ვაქცინაციით მოცვის დონის შემცირების აღკვეთისა და ამ ქვეყნებში ამჟამად არარსებული ძირითადი ვაქცინების დანერგვის მიზნით. ქსელს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი და ორგანიზაცია Results for Development (R4D). მის დაფინანსებას უზრუნველყოფს ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI).

იმუნიზაციის სამოქმედო ქსელი Linked აერთიანებს იმუნიზაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტ-პრაქტიკოსებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს და პარტნიორებს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან. ეს თანამშრომლობა იმუნიზაციის პროგრამის საერთო გამოწვევების დადგენას ისახავს მიზნად, იმისათვის, რომ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად გაიზარდოს მოქნილობა, თანასწორობა და მდგრადობა.  თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით, ქსელი წევრ-ქვეყნებს იმუნიზაციის პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების გაგებასა და ცოდნის გაზიარებაში ეხმარება. იგი ასევე ხელს უწყობს მოწინავე პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების გამოყენებას; აუმჯობესებს უნარებსა და შესაძლებლობებს; იღებს და ავრცელებს ინფორმაციას იმუნიზაციის განხორციელების გამოცდილების შესახებ.

ახალი ამბები