ნეტგაზეთი: Covid-19: მკვეთრი ზრდა ჯერ არ გვაქვს – ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან

ოგორ მიმდინარეობს Covid-19-ის ეპიდემია საქართველოში? შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს დიდი რაოდენობით შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა? როგორ იმუშავა მთავრობის მიღებულმა ზომებმა ეპიდემიის პრევენციისთვის? ზრდის თუ არა ეკლესიებში წირვის გაგრძელება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს?

„ნეტგაზეთი“ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტს, გიორგი გოცაძეს, „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, რომელსაც ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ქვემოთ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

ბატონო გიორგი, ფონდ „კურაციოს“ გამოქვეყნებული ჰქონდა მოდელირების რამდენიმე სცენარი, თუ როგორი შეიძლება ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი ყოფილიყო იმის მიხედვით, თუ როგორ დაიცავდა მოსახლეობა სოციალურ დისტანცირებას. ამ ინტერვიუს ჩაწერის დროისთვის [16 აპრილი, 20:00 საათი] ქვეყანაში პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მე-8 კვირა დაიწყო, გვაქვს 340 დადასტურებული შემთხვევა და 3 გარდაცვალება… ყველაზე დიდი ზრდა ჯერჯერობით დღევანდელია — 34 ახალი პაციენტი… ამ ეტაპისთვის როგორ აღწერდით გავრცელების მრუდს?

ის მოდელირებები, რაც თავდაპირველად გამოქვეყნდა, ადრინდელია, როდესაც გლობალურად ჯერ კიდევ ძალიან მწირი იყო ის ინსტრუმენტები, რითიც მსგავსი მოდელირების გაკეთება შეიძლებოდა.

სცენარები ორი სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. გათვლები ჩატარებულია 2020 წლის 19 მარტს. მარცხენა, ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოდელით სცენარი ასეთია: სოც.დისტანცირების სრული დაუცველობის შემთხვევაში, ეპიდემიის პიკი სწრაფად, მაისის მეორე კვირაში მიიღწეოდა და ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5,950 იქნებოდა, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებდა. თუმცა კონტაქტების შემცირებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. წყარო: ფონდი კურაციო. ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე

აღნიშნული მოდელი სოციალური დისტანცირების კრიტიკული მნიშვნელობის საილუსტრაციოდ უფრო იყო განკუთვნილი, ვიდრე მოსალოდნელი შემთხვევების ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად, რომ „ამა და ამ დღეს ამდენი შემთხვევა გვექნება“… ამით უბრალოდ სოციალური დისტანცირების ღირებულება ვაჩვენეთ, — რომ ამ პოლიტიკით მთავრობა მოიგებდა დროს ჯანდაცვის სექტორის შესამზადებლად.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას: თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ერთი დღის მონაცემებიდან დასკვნის გამოტანა არასწორია იმიტომ, რომ გაცილებით ადრე იყო დღე, როდესაც 27 შემთხვევა დაფიქსირდა. უფრო სწორია 3-5 დღის საშუალო მაჩვენებელზე დაკვირვება, როგორც ამას ჰოპკინსის უნივერსიტეტი გვთავაზობს.

ეს ნიშნავს, რომ ექსპონენციური ზრდა არ არის დაწყებული?

ცალსახა პასუხი მაგ კითხვაზე ასეთია: არა, არ გადავსულვართ ექსპონენციურ ზრდაზე. რეალურად, ზრდის ტემპი იყო 7.5%, ახლა კი 8%-ია და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

დადასტურებული შემთხვევები 14 აპრილის მდგომარეობით. წყარო: NCDC

შედარებისთვის, მაგალითად, აზერბაიჯანში, რომელმაც პირველი შემთხვევა მარტის დასაწყისში აღმოაჩინა, დღეს 1253-მდე შემთხვევა აქვთ; სომხეთში, რომელსაც ჩვენზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, 1 მარტს აღმოაჩინეს პირველი შემთხვევა და 1100-ზე მეტი შემთხვევა აქვთ დღეს. მეზობლებს რომ შევადაროთ, მარტივი პასუხია, რომ ჩვენ ნელა ვიზრდებით…

როდესაც საქართველოს ვადარებთ სხვა ქვეყნებს, თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანს, არის თუ არა გასათვალისწინებელი ჩატარებული ტესტების რაოდენობა? [სომხეთში 10 ათასამდე ტესტია ჩატარებული, აზერბაიჯანში- 70 ათასზე მეტი]. ჩვენთან ცოტა ხნის წინ დაანონსდა „აგრესიული ტესტირება“. NCDC-ის 15 აპრილის მონაცემებით, 5400-მდე ადამიანს ჩაუტარდა PCR ტესტი და ამ რაოდენობიდან არის გამოვლინილი ეს 340 შემთხვევა…

უკვე 4 კვირაზე მეტი იქნება, რაც გვესმის აჟიოტაჟი ტესტებთან, მათ შორის სწრაფ ტესტებთან, დაკავშირებით… აქ მარტივი ლოგიკაა: თუ დავინფიცირდი, ჩემი ინფექციის გამოვლენას სჭირდება მაქსიმუმ 14 დღე. ანუ ამ 4 კვირის განმავლობაში, რაც ეს აჟიოტაჟი დაიწყო, უკვე უნდა დაგვენახა პაციენტების ტალღა, როგორც დაინახა აზერბაიჯანმა, სომხეთმა…

ჩვენ მათზე რამდენიმე დღით ადრე აღმოვაჩინეთ პირველი შემთხვევა, — მათ აღმოაჩინეს მარტის დასაწყისში, — და დღეს ორივე ქვეყანას სამჯერ მეტი პაციენტი ჰყავს, ვიდრე ჩვენ.

ამ პერიოდის მანძილზე ხომ უნდა გამოჩენილიყო ერთ დღეში, მაგალითად, 90, 70 შემთხვევა? სიმპტომური პაციენტები, დიდი რაოდენობით რომ არსებობდნენ, ჩვენ უკვე უნდა გვენახა, ისინი უკვე უნდა გამოჩენილიყვნენ, — ვიღაცას სიცხე ჰქონოდა, ვიღაცას სადღაც დაერეკა და ა.შ.

კურაციოს მკვლევართა ჯგუფი ბოლო პუბლიკაციაში აკეთებდა დაშვებას, რომ შემთხვევების მხოლოდ 50-60% არის გამოვლენილი, ანუ არ ვიცით 40-50%-ის შესახებ… მაშ, რას ეფუძნებდა ეს დაშვება?

არა, ეს უბრალოდ ჰიპოთეტური დაშვება იყო, — რომც დავუშვათ, რომ არ ვიცით ამ რაოდენობის შემთხვევა, ასეთ შემთხვევაშიც კი შემდეგ კვირაში ამდენი და ამდენი შემთხვევა გამოვლინდებოდა.

40-50%-ის შესახებ არ ვიცით იმიტომ კი არა, რომ ტესტები არა გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მას, ვინც ასიმპტომურია, ვერც მივაგნებთ. ის, ვისაც სიცხე არა აქვს, სიმპტომები არა აქვს, არ მიმართავს საავადმყოფოს და ვერც ვერასდროს დავინახავთ.

აღნიშნული დაშვების ლოგიკა შემდეგი იყო: დღეს უკვე არსებობს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა დოზით ამბობენ, რომ გარკვეული პროცენტით ასიმპტომურად მიმდინარეობს დაავადება. ანუ გარკვეულ პროცენტს საერთოდ არ გამოვლენია სიმპტომი, — არც სიცხე ჰქონია, არც ფილტვების ანთება დამართნია, — მაგრამ ის ინფექციას მაინც გადასცემს.

მაგალითად, ერთი ნაშრომით, ასიმპტომური იყო 20%, მეორე ნაშრომი ამბობს, ასეთი 32% იყო და ყველაზე მაღალი, რაც შეგვხვდა, იყო 50%. ეს დაშვება, — ყველაზე მაღალი პროცენტი, — ავიღეთ სხვა ქვეყნების ლიტერატურიდან გამომდინარე.

თუ დავუშვებთ, რომ ჩვენთანაც ასე არის, — ანუ ინფიცირებულთა მხოლოდ ნახევარი შეიძლება გამოვლენილი გვყავდეს, — ამ შემთხვევაშიც, შემდეგი 10 დღის განმავლობაში უნდა დავლოდებოდით 850-1400 ახალ პაციენტს. მაგრამ თუ ვუშვებთ, რომ 50%-თან დაავადება ასიმპტომურად მიმდინარეობს, მაშინ ამ რაოდენობის 50%-თანაც ასიმპტომურად ჩაივლის დაავადება.

ამიტომაც ვასკვნით, რომ ნაწილს დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ნაწილი სიმპტომებით სახლში დარჩება, ზოგიერთი კი საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანს ვირუსულ ინფექციას და საერთოდ არ გამოჩნდება…

ეს ყველაფერი რომ შევკრათ: თუ დამეთანხმებოდით ლოგიკაში, რომ დაავადებულები უნდა გვყოლოდნენ, — და ბევრი გვყოლოდა, — ნამდვილად უნდა მიგვეღო რაიმე ტალღა. მაგრამ ვერ დავინახეთ კატასტროფული ზრდა. რატომ ვერ დავინახეთ ჩვენ, თუ ეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაინახა?

მოდით, მივაგოთ დამსახურებული პატივი იმ უხილავ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე — ეპიდემიოლოგებს და მათ, ვინც მათ ეხმარება. სისტემა ასე მუშაობდა: მარნეულში როდესაც იპოვეს პირველი დაინფიცირებული ადამიანი, მარნეული ჩაკეტეს, კონტაქტები მოძებნეს, კარანტინში გადაიყვანეს, — ანუ ხდება მომენტალური იზოლაცია, — დაიცადეს 14 დღე, მათ გამოუვლინდებოდათ ნიშნები თუ არა. შემდეგ მათ, ვისაც ნიშნები გამოუვლინდა, გაუკეთეს ტესტი და მიიღეს შედეგი; შემდეგ ეპიდემიოლოგიურად დაადგინეს, საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ინფექცია და ა.შ. რეალურად, ჩვენ მოვახერხეთ გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტა და ამის გამო არც მაღალი ზრდა გვაქვს და არც ბევრი ტესტი დაგვჭირვებია…

როგორც ამავე პუბლიკაციაში იყო მითითებული, ჩვენ არ ვიცით, კარანტინში გადაყვანილი ადამიანებიდან რამდენს აღმოაჩნდა Covid-19, რაც მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი იქნებოდა. რას დავინახავდით ამ მონაცემებით?

რომ ვიცოდეთ, კარანტინში რამდენი ადამიანია შესწავლილი და მათგან რამდენს გამოუვლინდა Covid-19, მეტი სიზუსტით ვიტყოდით რაღაცებს. სამხრეთ კორეაში, მაგალითად, კარანტინში ჰყავდათ 12 ათასი ადამიანი, ვინც შეამოწმეს და აქედან მხოლოდ 40 შემთხვევა გამოვლინდა. ანალოგიური რიცხვები რომ ვიცოდეთ საქართველოში, ცოტა უფრო ცალსახა დასკვნებს გავაკეთებდით.

რა დასკვნებს? სიტყვაზე, თუ მსგავსი შედეგი გვექნებოდა, კარანტინის ასე მკაცრად დაცვა შეიძლებოდა არ ყოფილიყო საჭირო?

რამდენიმე დასკვნა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მაგალითად, 300 შემთხვევიდან ვიცით, რომ დაახლოებით 100 არის „იმპორტირებული“, — იტალიის კლასტერი, ამერიკის კლასტერი და ა.შ.

თუ დანარჩენი 200 შემთხვევიდან, სიტყვაზე, 80% იყო კარანტინში გადაყვანილი კონტაქტებიდან, — ანუ ისეთი, რომელიც ვიღაცის კონტაქტი იყო, ეპიდემიოლოგებმა იპოვეს, კარანტინში გადაიყვანეს, შემდეგ გამოუვლინდა — ესე იგი, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური კარგად მუშაობს და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

კარანტინსაც ორი ნაწილი აქვს — იზოლირებული კონტაქტები და საზღვრის კვეთის ნაწილი. საზღვრის კვეთის ნაწილში თუ დავინახავდით, რომ ბევრს დაუდასტურდა ინფიცირება, ანუ პოტენციურად შეეძლო შემოეტანა ვირუსი, ესე იგი, ეფექტურად იმუშავა საზღვრის ჩაკეტვამ. მაგრამ თუ საზღვრის ჩაკეტვით არ დაგვიჭერია შემთხვევები, ესე იგი, შეგვიძლია რაღაც ვადით გავაგრძელოთ ეს ღონისძიება და შემდეგ გაუქმებაზე ვიფიქროთ.

ამას ვარაუდის დონეზე ვამბობ. სტატისტიკა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გადავწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ ხვალ, რა მეთოდები უნდა გავატაროთ და როგორ. NCDC-ში ამ მონაცემებს, რა თქმა უნდა, აანალიზებენ, უბრალოდ კარგი იქნებოდა ამის ასახვა ყოველდღიურ ეროვნულ სტატისტიკაში…

გადავიდეთ მიღებული ზომების ეფექტურობაზე — Google-ის მობილურობის ანგარიშის მიხედვით, შემცირებული იყო მოსახლეობის გადაადგილება სხვადასხვა ადგილას — პარკებში, სავაჭრო ადგილებში და ა.შ. რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ მონაცემებით?

გუგლის“ მობილურობის ანგარიშს თუ ავიღებთ, პირველი დასკვნა ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოტანამდე და შემდეგ 31 მარტს მის გამკაცრებამდე, სოციალურმა დისტანცირებამ, საზღვრის ჩაკეტვამ და ეტაპობრივად გატარებულმა ღონისძიებებმა, გარკვეულწილად შეამცირა მოძრაობა. შემდეგ, 31 მარტიდან (კომენდანტის საათის შემოღება), 5 აპრილამდე (გუგლის ბოლო მონაცემები), დიდი ცვლილება ვერ დავინახეთ.

ვრცლად:

თუ კომენდანტის საათი, რაზეც რესურსები იხარჯება — პოლიციის, ჯარის რესურსი და ა.შ. — შედეგს არ გაძლევს, შეგიძლია, ეს რესურსი გამოათავისუფლო და სხვაგან მიმართო, იმ ღონისძიებისკენ, რაც მეტ შედეგს გაძლევს. ვთქვათ, კარანტინიზაციისკენ, თუ ის მეტ შედეგს გაძლევს.

ერთი სიტყვით, ეს მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომენდანტის საათის შემოღებას სერიოზული დოზით ცვლილება არ გამოუწვევია საქართველოსთვის;

ამასთან, ეს მონაცემები ამბობს, რომ საქართველო ცუდ ვითარებაში არ არის. სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ სოციალური დისტანცირებით საქართველომ ზოგზე მეტს მიაღწია, ზოგზე ნაკლებს… ამასთან, ეს ყველაფერი კონტექსტ-სენსიტიურია…

ყველაფერი, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, რომ გავაერთიანოთ: სოციალურმა დისტანცირებამ, საგანგებო მდგომარეობამ, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს 1200 შემთხვევა…

თუმცა „გუგლის“ ამ მონაცემებს აქვს ლიმიტები — 1 მლნ ადამიანის მონაცემები არ ვიცით, ვისაც ინტერნეტი არ აქვს მობილურში/არ აქვს სმარტფონი და ასევე, არაა ასახული ეკლესიებში მიმოსვლა. ამ ლიმიტების გათვალისწინებით, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?

რეალურად, ცალკე გამოყოფილი არ აქვს „გუგლს“ ეკლესიები, ანუ ცალკე არ აღრიცხავს, თორემ ზოგად რიცხვში ასახულია. შეიძლება შემცირდა სამსახურში სიარული, გაიზარდა ეკლესიაში სიარული და, საერთო ჯამში, 29%-იანი შემცირება მივიღეთ. ანუ ამ რიცხვში მაინც ასახულია ეკლესია…

თქვენი გადმოსახედიდან, ეკლესიის გაგრძელებული მსახურების და იქ ხალხის სიარულის პირობებში, მცირდება თუ არა მიღებული ზომების ეფექტურობა?

დღემდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შემცირებულა. ხვალ შეიძლება თუ არა, გატარებლი ზომების ეფექტურობა შეამციროს? მე ვიტყოდი, ზომების ეფექტურობას კი არ შეამცირებს, ეპიდემიის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ, მოდით, მხოლოდ ეკლესიაზე ნუ ვიტყვით — ეს ნებისმიერ ადგილას შეკრებას ეხება. ნუ ვიქნებით მხოლოდ აღდგომაზე და ეკლესიაზე კონცენტრირებული. ეს საფრთხე გამომდინარეობს ასევე იქიდან, რომ ადამიანები დასხდებიან, 10 კაცი შეიკრიბება, იქეიფებენ და შემდეგ შეიძლება 10-ვე დაავადდეს…

დაგეთანხმებოდით იმაში, რომ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე კონცენტრირება არ იქნებოდა მართებული, — ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ამ კვირაში არაერთი მსახურება იყო, ასევე, შაბათ-კვირის წირვებზე შეკრებები გრძელდება…

მესმის, თუმცა ასევე დიდ რისკს ატარებს ოჯახში შეკრება. ჩინეთში, ვუჰანში, მაგალითად, დაავადების გადაცემის 87% ოჯახზე მოდიოდა, ანუ 87%-ში ოჯახში მოხდა გადადება. ჩვენთანაც დიდი დოზაა ოჯახში გადაცემის…

სამაგიეროდ, მეორე მხარეს გვაქვს სამხრეთ კორეის მაგალითი, სადაც საწყის ეტაპზე გავრცელება დაკავშირებული იყო სწორედ რელიგიურ პრაქტიკასთან, „შინჩეონჯის ეკლესიასთან“…

დიახ, გასაგებია. მე სხვა რამეს ვამბობ: გავიგეთ, რომ მრევლი დადის ეკლესიაში და ლოცულობს და ვერ გავაჩერებთ. მე ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან და, გთხოვთ, მომეცით ამის უფლება.

მაგრამ უნდა მოხდეს იმის აქცენტირებაც, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, არც სუფრებზე შეკრება შეიძლება. ისე გამოდის, რომ მე თუ სუფრას გავშლი, პრობლემა არ არის და თუ ეკლესიაში წავალ, მარტო ეგ არის პრობლემა. ერთიც პრობლემაა და მეორეც. ცალსახად ორივე პრობლემურია, — წირვაზე წასულმა ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ სუფრაზე ადამიანმა შეიძლება 20 ადამიანი დააინფიციროს…

წირვაზე წასვლით ხომ იზრდება დაინფიცირების ეს ალბათობა?

დიახ, აუცილებლად, ეს კითხვის ნიშნის გარეშეა… გასაგებია, მორწმუნეა და წავიდა, მაგრამ არ დაფიქრდა ოჯახის წევრებზე, — კიდევ 5-6 ადამიანზე, რომელიც სახლში ჰყავს და რომლებსაც მოუტანს ვირუსს, ხოლო თუკი რისკჯგუფში შედიან, შეიძლება ისინი სიკვდილის წინაშე დააყენოს. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ბატონი პაატის იმნაძის ემოციური განცხადებაც

[ნახეთ: პაატა იმნაძე — ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს]

თუმცა თემის გაშუქებისას აქცენტი მხოლოდ ეკლესიაზე ისმება. მე, მაგალითად, ახლობლები მეპატიჟებიან, დიდი ხანია სახლში ზიხარ, ჩვენც ეგრე ვართ და, მოდი, ახლა, ვიქეიფოთო. ამაზე არ ხდება აქცენტირება, რომ არა, ეგეც არ უნდა გააკეთო.

სოციალური დისტანცირება ნიშნავს, რომ დისტანცირებული ხარ ყველასგან და ყველაფრისგან. მესმის, რომ ეკლესია დღეს მწვავე თემაა, მესმის, რომ ეს ყველას აინტერესებს და ვეთანხმები ამ თემის გაშუქებას, მაგრამ ბალანსი დაიკარგა. მეორე მხარეს რა საფრთხე გვაქვს, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ…

სახლში ნათესავების, ახლობლების, მეგობრების შეკრებები ალბათ მაინც უფრო ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნაწილში შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, რომელთანაც სახელმწიფოს შეეძლო უფრო ფრთხილი მიდგომები გამოეყენებინა… თქვენ, როგორც ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?

დიახ, მე ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტი ვარ, ეს კითხვა კი უფრო პოლიტიკურია, ამასთან, ამ საკითხზე უკვე იმდენი ითქვა მედიასივრცეში, რომ არა მგონია, რამის დამატება შევძლო…

დავუბრუნდეთ საუბრის დასაწყისს და ამით დავასრულოთ, — ახსენეთ, რომ მთელი ამ გატარებული ღონისძიებებით სახელმწიფო დროს მოიგებდა, რათა ჯანდაცვის სისტემის მზაობა გაძლიერებულიყო. როგორ გამოიყენა სახელმწიფომ ეს დრო?

ვიტყოდი, რომ ნამდვილად გამოვიყენეთ. ჩვენ რომ სომხეთის და აზერბაიჯანის, თუნდაც აშშ-ის პირობებში ვყოფილიყავით, ალბათ უფრო ცუდი სურათი გვექნებოდა.

ის დრო, რაც ეპიდემიოლოგებმა და გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვაგებინა, დაგვეხმარა იმაში, რომ პირველადი ჯანდაცვის ფარი ავაშენეთ. სისტემა გაეშვა, სისტემები ერთმანეთს დაუკავშირდა, — რაც ადრე არ იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე ასოციაციამ დაწერა ახალი პროტოკოლები, რაც საავადმყოფოებში დარიგდა, — ზოგი იყენებს, ზოგი არა, მაგრა ეს პროტოკოლები არც კი არსებობდა.

ამ დრომ ჰოსპიტალური სექტორის მზაობა ნამდვილად გაგვიზარდა. რომ შევხედოთ, როგორ იმართება შემთხვევა ბათუმში, როგორ იმართება პერიფერიულ თუ რეგიონულ საავადმყოფოებში, — და ეს ყველაფერი თბილისში რომ არ კონცენტრირდება, — ეს უკვე ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ გარკვეული მზაობა შეიქმნა.

მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიეცა დრო და საშუალება, რომ თუ სადმე რამის ყიდვა შეიძლებოდა, მათ შორის პიროვნული დაცვის საშუალებები, მოემარაგებინა, შეეძინა, ნიღბები შეეკერა და ა.შ. ეს დრო ამ მხრივაც საჭირო იყო.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, მზად ვართ თუ არა ისეთი სცენარისთვის, თუკი მოცულობები [და ინფიცირებულთა რაოდენობა] მნიშვნელოვნად გაიზრდება…

ახალი ამბები