ნეტგაზეთი: რას გვთავაზობს სახელმწიფო პაციენტებს?! | გიორგი გოცაძე

გამოცემა “ნეტგაზეთი” საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორის გიორგი გოცაძის კომენტარს აქვეყნებს. 

 

საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, რომელიც 2013 წელს შემოგვთავაზეს, უდავოა!

მრავალ ადამიანს მიეცა  შესაძლებლობა, ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია ან იმ დაავადებისთვის ემკურნალა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა და ფინანსური სახსრების უქონლობის გამო ამ შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებით და მკურნალობის ღირებულების, თუნდაც ნაწილობრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით, სახელმწიფომ იზრუნა მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სამედიცინო მომსახურება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი გახადა.

2013 წლის შემდეგ, ეს უზარმაზარი სიკეთე ნელ-ნელა, ყოველწლიურად მიილია და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბიუჯეტის დაზოგვაზე ზრუნვით ჩანაცვლდა.

საინტერესოა, რა შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვაში 2013 წლის შემდეგ. პრობლემის გასააზრებლად რამდენიმე ტერმინზე და მის შინაარსზე გავამახვილოთ ყურადღება.

რა კავშირია მომსახურების ფასსა და სახელმწიფოს ტარიფს შორის?!

მომსახურების ფასი, ეს არის ღირებულება, რომელსაც სამედიცინო  დაწესებულება კონკრეტულ მომსახურებას ადებს. მაგალითისთვის, განვიხილოთ ბრმა ნაწლავის ოპერაცია, რომელიც სირთულის მიხედვით, ერთ კლინიკაში შეიძლება ღირდეს 1800 ლარი, მეორეში-2000 და სადღაც, შეიძლება მეტიც. ყველა შემთხვევაში, ეს ფასი შეთანხმებულია სახელმწიფოსთან და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებას ფასის ცვლილება ეკრძალება.  საავადმყოფოების დიდი ნაწილის მხრიდან (გარდა ახლად აშენებულებისა) ფასის სახელმწიფოსთან შეთანხმება ბოლოს 2013 წელს მოხდა და მას შემდეგ მომსახურებისთვის დადგენილი ფასი არ შეცვლილა. 

ალბათ ყველამ იცით, თუ რამდენად გაძვირდა საკვები პროდუქტები და კომუნალური გადასახადები 2013 წლის შემდეგ და ეს გაძვირება საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო. გარდა ამისა,  2013 წელს 1.66 ლარად ღირებული ერთი აშშ დოლარი, 2020 წელს 3.27 ლარი, ანუ თითქმის ორჯერ მეტი ღირს. ეროვნული ვალუტა 100%-ით გაუფასურდა. 

ჩვენი ჯანდაცვა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე დგას. უცხოეთიდან შემოდის წამლები, გადასასხმელი ხსნარები, ქირურგიული ინვენტარი, ერთჯერადი მასალა და სადიაგნოსტიკო აპარატურა, მათ შორის, საოპერაციო მაგიდებიც და პალატაში რომ დგას, ის საწოლიც და ტუმბოც.  ბრმა ნაწლავის ოპერაციის ხარჯის, დაახლოებით 45% უცხოურ ვალუტაზე ნაყიდი პროდუქციაა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა 2013-2020 წლებში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, გამოდის, რომ 2000-ლარიანი ოპერაციის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული ხარჯი 2013 წელს იყო 900 ლარი, მაშინ, როცა 2020 წელს იგივე მასალის შესყიდვას 1800 ლარი სჭირდება. 

და ამ ფონზე,საავადმყოფოები, რომელთაც მომსახურების ხარჯი გაეზარდათ, სახელმწიფოს აკრძალვით ფასის ცვლილებას ვერ ახერხებენ. თუ ვინ ზარალდება, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

ფასის შინაარსის განხილვის შემდეგ, ტარიფის მნიშვნელობას გაგაცნობთ. ცნება ტარიფი, ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი თანხა კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისთვის. სახელმწიფო ტარიფს იყენებს იმისათვის, რომ, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში- ბრმა ნაწლავის ოპერაცია კონკრეტული და შეზღუდული თანხით დააფინანსოს. 

ტარიფის დადგენისას სახელმწიფო მომსახურების ფასს არ ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრმა ნაწლავის ოპერაციის ფასი შეიძლება იყოს 1800 ან 2000 ლარი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ფასის შეუსაბამო- მაგალითად, 1200 ლარი. ეს ჯანდაცვის სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ უკვირს, არ უკვირთ იმიტომ, რომ 2013 წლიდან არავის არასდროს გამოუქვეყნებია სამეცნიერო ნაშრომი ან ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ არ ჩავთვლით საყოველთაო ჯანდაცვის დაანონსებისას მინისტრის მიერ გამოთქმულ ზოგად ფრაზებს სატელევიზიო ეთერებში. ანუ 2013 წლიდან დღემდე ტარიფის გამოთვლა იმდენად გაუმჭვირვალე და დახურულია, რომ  “სახელმწიფო საიდუმლოებას” უტოლდება. 

ვინ ზარალდება?!

თუ ადამიანი ეკუთვნის იმ ჯგუფს, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, ხოლო ეს ადამიანი ოპერაციას იკეთებს იქ, სადაც ოპერაციის ფასი 2000 ლარია, გამოდის, რომ სახელმწიფო დაუფინანსებს 1200 ან 1600 ლარს (დაავადების სირთულის მიხედვით) და ამ ადამიანმა დანარჩენი თანხა სახლიდან უნდა მოიტანოს. ანუ გამოვიდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან „სრულად დაფინანსებულ  პაციენტს“ საკუთარი ჯიბიდან დამატებითი თანხის გადახდა უწევს. 

საბოლოოდ მივიღეთ, რომ სახელმწიფო რიგით პაციენტს არაკეთილსინდისიერად ექცევა, ან პაციენტისგან ჯანდაცვის ექსპერტობას მოელის, და როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდება, მან ფასი სხვადასხვა საავადმყოფოში უნდა გაარკვიოს და იაფიანი დაწესებულების ძიებით გააკეთოს არჩევანი. 

ნუთუ არ შეიძლებოდა ისეთი სისტემის შემოღება, სადაც პაციენტს ექსპერტის ცოდნა არ მოეთხოვება და იცის, რომ თუ უფასოდ უნდა მიიღოს სერვისი, ეს ნიშნავს, რომ უფასოდ იღებს და თუ ფასის 30% პაციენტმა უნდა გადაიხადოს, მაშინ რას უდრის ეს 30% ლარებში-100 ლარს თუ 3000 ლარს? ბევრი ქვეყნის სისტემა პაციენტისგან ჯანდაცვის ექსპერტობას არ ელის და ამიტომაც, მარტივი სისტემა აქვს. 

როგორც იტყვიან, „ეშმაკი წვრილმანებშია“ და სწორედ ამ წვრილმანებს ეწირება საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პაციენტის ჯანმრთელობა და მისი ფინანსური დაცულობა. სწორედ ამ წვრილმანებში გაუთვიცნობიერებულობისა და გაუმჭვირვალობის შედეგად, ხშირ შემთხვევაში, პაციენტის უკმაყოფილება სერვისის მიმწოდებელს ან მედპერსონალს მიემართება, ვინც უშუალო კონტაქტშია პაციენტთან. საბოლოო ჯამში, “ქართული წესით” დაანგარიშებული ტარიფები და ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელსაც გრძელვადიანი მიზნები არ გააჩნია, აზარალებს არა მარტო პაციენტს, არამედ ჯანდაცვის სისტემას და, სავარაუდოდ, ხარისხს. 

სად არის გამოსავალი?!

სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვის წინააღმდეგი არავინ არის, თუ ბიუჯეტის ეკონომია პაციენტის ჯანმრთელობის, მისი უსაფრთხოების და მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ ხდება.

ჩნდება კითხვა, როგორ წავიდეთ წინ, სად არის გამოსავალი?!

პირველი, ეს არის ტარიფის დათვლის “საიდუმლო მეთოდოლოგიის” გასაჯაროება, რომ დავრწმუნდეთ გამოყენებული მიდგომების მეცნიერულ ღირებულებაში და დათვლების სანდოობაში. საქართველოს ველოსიპედის თავიდან გამოგონება არ სჭირდება, რადგან ჯანდაცვის ეკონომიკაში უკვე აპრობირებული მეცნიერული მიდგომები არსებობს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია. 

მეორე, დაკორექტირდეს 2013 წელს დადგენილი ფასები გაძვირებული კომუნალური გადასახადების და შრომითი რესურსების თუ გაუფასურებული ლარის კურსის გათვალისწინებით. 

მესამე, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია და გავუადვილოთ არჩევანი, რომ ცხადად იცოდეს, თუ ბრმა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა, ამას უფასოდ მიიღებს. თუ მას გადასახდელი ექნება ფასის 30% , რამდენია ეს თანხა –  300 ლარი თუ გაურკვეველი 30%, რომელიც არ იცის, რისია. მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ ახალი სისტემის სიკეთე და მოვახდინოთ მათი ადეკვატური ინფორმირება. აქვე აუცილებელი იქნება ამ დადგენილი ფასების საჯარო სივრცეში-ინტერნეტში განთავსება ინფორმაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

დაბოლოს, აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს ექსპერტების დიალოგი-დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსით იქნეს მიღებული და არა დირექტივების სახით, სადაც საჯარო მოხელე ცალმხრივად ქმნის და აწესებს წესებს, ისე, რომ ნაკლებად ითვალისწინებს პაციენტისა თუ ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან ინტერესს.

ახალი ამბები