ფარმაცევტული ინდუსტრიის სიხარბე და ხელოვნური ფასები – საქართველო აივ ინფექციის მედიკამენტებზე გაუარესებული ხელმისაწვდომობის მოლოდინშია

ავტორი გიორგი სოსელია

ეს გახლავთ ამონარიდები იმ ფარმაცევტული კომპანიების ფასეულობებიდან, რომლებიც არიან გლობალური ლიდერები მრავალი ესენციური მედიკამენტის, მათ შორის აივ/შიდსის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოგონებასა და წარმოებაში.

აღნიშნული ფასეულობებით ეს კომპანიები პოზიციონირებენ და აცნობენ თავს მსოფლიოს.

ისინი აწარმოებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაარჩინონ სიცოცხლე და ამავდროულად ხელოვნურად ზღუდავენ ხელმისაწვდომობას ამ მედეიკამენტებზე, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან მსყიდველობით-უნარიანები და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ მათთვის კომერციულ ინტერსს.

‘’ჩვენ არ შეგვიქმნია ეს მედიკამენტები ინდოელებისათვის’’

‘’ჩვენ შევქმენით ისინი დასავლელი პაციენტებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ გასწვდნენ მათ ღირებულებას’’

                          მარინ დეკერსი – Bayer-ის აღმასრულებელი დირექტორი 2010 – 2016 წლებში

აივ ინფექცია/შიდსი დიდი ხანია აღარ განიხილება ლეტალურ დაავადებად, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ათწლეულებია რაც არსებობს ეფექტიანი ანტირეტროვირუსული სამკურნალო მედიკამენტები, რომელთა დროულად და რეგულარულად მიღების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა ვებ-გვერდებზე განთავსებული შთაგონების მომტანი ფასეულობების მიუხედავად, ზუსტად ამ ფარმაცევტული კომპანიების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, იმისა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კვდება აივ/შიდსის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი მედიკამენტებზე.

რატომ?

იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია მისი გადარჩენა.

ფარმაცევტული კომპანიები ხელოვნურად ინარჩუნებენ მაღალ ფასებს ესენციურ მედიკამენტებზე. მათ მიერ შექმნილი ბარიერები, ძირითადად უკავშირდება ბაზარზე მონოპოლიების დამყარებას, გენერიკული მედიკამენტების წარმოების და მათი ბაზარზე დაშვების შეზღუდვას, რასაც ისინი ახორციელებენ საპატენტო უფლებების დაცვისა და ამ უფლებების მაქსიმალურად გახანგრძლივების გზით.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობა ხელმისაწვდომია 2004 წლიდან ‘’შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის’’ ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში მკურნალობა უფასოდ მიეწოდება ყველა ადამიანს ვინც გამოვლენილი და რეგისტრირებულია ეროვნულ პროგრამაში.

პროგრამების ფარგლებში მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება გლობლური ფონდის ‘’გაერთიანებული შესყიდვების მექანიზმის’’ (Pooled Procurement Mechanism – PPM) გამოყენებით.

PPM არის სტრატეგია, რომელიც მიმართულია შექმნას ესენციური სამკურნალო საშუალებების შესყიდვის ეკონომიურად მომგებიანი და ეფექტიანი მექანიზმი.

PPM მექანიზმის ფარგლებში წარმოებული გაერთიანებულ შესყიდვები, გლობალური ფონდის მიერ წარმოებული შესყიდვების მოცულობიდან გამომდინარე, ქმნის ფინანსური ეკონომიის შესაძლებლობას და პრეპარატებზე ფასის მნიშვნელოვან შემცირებას.[6]

ამ მექანიზმის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს გლობალურ ფონდსა და  ანტირეტროვირუსული პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებებში, რომლებიც განსაზღვრავს წინასწარ მოლაპარაკებულ შეღავათიან ფასებს გლობალური ფონდის შესყიდვების ფარგლებში.

აღნიშნული მექანიზმის გამოყენებისას ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გვერდი აურაოს ფარმაცევტული კომპანიების საპატენტო უფლებებსა და მათ ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შექმნას აივ ინფექციის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი პრობლემები.

2014 წელს მსოფლიო ბანკის მიერ შემოსვალის დონის მიხედვით ქვეყნების კლასიფიკაციის სისტემის განახლებისა და შიდსთან, ტუბერკულოზა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსების ახალ მოდელზე (New Funding Model – NFM) გადასვლის შედეგად საქართველო განეკუთვნება ე.წ. დაფინანსების გარდამავალი ქვეყნების რიგს. რაც გულისხმობს გლობალური ფონდის დაფინანსების ეტაპობრივ შემცირებას და სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფას, მათ შორის პრიორიტეტულად აივ/შიდსის სამკურნალო საშუალებების შესყიდვისათვის.

სახელმწიფო დაფინანსების პირობებში დღის წესრიგში დგება მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმის საკითხი. კერძოდ, კი რა მექანიზმებით და რაც მთავარია რა ფასად  მოხდება მედიკამენტების შესყიდვა.

საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების, საპატენტო უფლებების რეგულირების სფეროში არ არის საკმარისად მოქნილი, იმისათის, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შესყიდვა, ბაზარზე კონკურენციის შექმნა და გენერიკული პრეპარატების დაშვება, ისევე როგორც ის არ იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას მედიკამენტებზე ფასის კლების საერთაშორსო მექანიზმები.

აღნიშნულ გამოწვევას თან ერთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ავალდებულებს ქვეყანას გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია, შექმნან ხელსაყრელი პირობები ორიგინატორი ფარმაცევტული ინდუსტრიისათვის.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მათ შორის მოიცავს ფარმაცევტულ პროდუქტებზე საპატენტო უფლებების დაცვის დამატებითი ზომების უზრუნველყოფას, კერძოდ საპატენტო მოქმედების ვადის გახანგრძლივებას და ე.წ. მონაცემთა ექსკლუზიურობას, რომელიც ქმნის ინფორმაციის კონფიდენციალურობის და მესამე მხარის მიერ მისი გამოყენების პრევენციის დამატებით გარანტიებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გენერიკული მწარმოებლების ხელმისაწვდომობას ადგილობრივ ბაზარზე.

(ასეთი ყოფილა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფასი!)

შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების უმეტესი ნაწილი უკვე გატარდა 2017 წელს. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს მედიკამენტებზე, მათ შორის აივ ინფექციის არვ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების პირობებში.

რა რეალობის წინაშე შეიძლება დავდგეთ?

აივ ინფექციის ანტირეტორვირუსული მედიკამენტების სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით შესყიდვა ხორციელდება 2016 წლიდან.

საბიუჯეტო სახსრებით მედიკამენტების შესყიდვა ასევე ხორციელდება გლობალური ფონდის მექანიზმის გამოყენებით, რაც ქვეყანას დროებით აცილებს შესაძლო გამოწვევებს, თუმცა ძირითადი კითხვა მდგომარეობს, იმაში

  • თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული მექანიზმის გამოყენება გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის შემდგომ
  • და რამდენად შეძლებს ქვეყანა იმავე სარგებლის გამოყენებას, მათ შორის საპატენტო უფლებების გვერდის ავლას

საქართველო, როგორც ქვეყანა აივ ინფექციის დააბალი დაავადების ტვირთით და შესაბამისად დაბალი მსყიდველობითი პოტენციალით არ წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიებისათვის კომერციულ ინტერესს, შესაბამისად ისინი ეცდებიან დააწესონ რაც შეიძლება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, რათა ნახონ მაქსიმალური მოგება.

ქვეყანაში აივ ინფექციის ყოველწლიურად მზარდი ინციდენტობის გათვალისწინებით, ეს შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

თვალსაჩინოებისათვის, შეგვიძლია შევადაროთ საქართველოში გლობალური ფონდის მექანიზმით შესყიდული მედიკამენტების ფასი, სხვა ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების ფასებს:

 

  საქართველო (გლობალური ფონდის მექანიზმი) პოლონეთი (სახელმწიფო შესყიდვა) ლატვია (სახელმწიფო შესყიდვა)
  ერთეულის ღირებულება $ კოლოფის ღირებულება $ ერთეულის ღირებულება $ კოლოფის ღირებულება $ ერთეულის ღირებულება $ კოლოფის ღირებულება $
აბაკავირი 300 მგ. ტაბლეტი 0.1832 10.99 3.8125 228.75 3.4702 208.21
აბაკავირი + ლამივუდინი (კომბინირებული პრეპარატი) 600/300 მგ. ტაბლეტი 0.4163 12.49 14.1667 425 11.619 348.57
ატაზანავირი 300 მგ. კაფსულა 0.6 18 15.4167 462.5 14.8337 445.01
დარუნავირი 600 მგ. ტაბლეტი 1.667 70 11.025 661.5 11.6655 699.93

 

აღნიშნული მონაცემები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა რეალობის წინაშე შეიძლება, რომ დავდგეთ და რა მასშტაბის დანახარჯების ზრდასთან გვექნება საქმე.

ცხრილში მაგალითად მოყვანილ ქვეყნებში (პოლონეთი, ლატვია) მედიკამენტებზე მაღალი ფასი განპირობებულია, ზუსტად, რომ ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლიებით და საპატენტო შეზღუდვებით, რომლებიც ზღუდავს გენერიკული მედიკამენტების ბაზარზე ხელმისაწვდომობას, კონკურენციის არსებობას და მედიკამენტებზე ფასის კლებას.

მსგავსი რეალობის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ადგილობრივი კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით და შეიქმნას მედიკამენტებზე ფასის კლების საერთაშორისოდ აღიარებული მექანიზმების გამოყენების საკანონმდებლო ჩარჩოები.

ახალი ამბები

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *