BM.ge: რატომ ძვირდება მედიკამენტები? – “კურაციოს” პრეზიდენტი 4 ფაქტორს ასახელებს

მედიკამენტების სიძვირე და ფარმაცევტულ პროდუქტებზე მაღალი დანახარჯები, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ბოლო ერთ წელიწადში ჯანდაცვის ჯგუფში ფასები თითქმის 14%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აპრილში მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 28,3%-ით არის გაძვირებული.

ქართული ფარმაცევტული ბაზარი მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ გასულ წელს საქართველომ $327.1 მლნ დოლარის მედიკამენტები იყიდა. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული კომპანიები გასაყიდი მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან.

და მაინც რატომ ძვირდება წამლები? ფარმაცევტული კომპანიების გაერთიანება მთავარ მიზეზად – ლარის გაცვლით კურსს, ჯანდაცვის სპეციალისტები კი სხვა დამატებით ფაქტორებს ასახელებენ.

4 ფაქტორი, რაც მედიკამენტებს აძვირებს

გიორგი გოცაძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტი:

“საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე. მოხმარებული წამლების 95%-მდე სწორედ იმპორტირებულია. როგორც კი ლარის კურსს რაღაც ემართება, ავტომატურად ეს ცვლილება აისახება წამლის ფასში, მაშინ როცა მოსახლეობის შემოსავალი არ იზრდება. ესა პირველი უმთავრესი ფაქტორია ანუ საზღვარზე შემოტანილი მედიკამენტი ლარის კურსის გამო უკვე გაძვირებულია.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ იმპორტირებული მოცულობების ჩანაცვლება ამ წლების განმავლობაში არ ხდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით. როგორც ვიყავით, ისე ვართ დამოკიდებული იმპორტზე. ეს დარგი არ ითვლებოდა პრიორიტეტულად, რომ სერიოზული ფული დაგვეხარჯა და  უცხოურ მედიკამენტებზე დამოკიდებულება საქართველოში წარმოებული ხარისხიანი მედიკამენტებით ჩაგვენაცვლებინა.

მესამე ფაქტორი, რაც განაპირობებს მაღალ ფასს, ესაა მოხმარება. ჩვენ არ გვაქვს ნორმანული მოხმარება, რასაც განაპირობებს ის საბაზრო ურთიერთობები, რაც დამკვიდრდა ქვეყანაში. ეს დარგი საოცრად რეგულირებულია მსოფლიოში. თქვენ ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, სადაც კონკურენტული აფთიაქები ერთმანეთის გვერდით არის გახსნილი. სახელმწიფო ცდილობს, აფთიაქები 5-6 კილომეტრით იყოს დაშორებული, რომ იმ აფთიაქში ჩადებული ფული, ინვენტარი, დასაქმებული ადამიანების ფული ამოსაღები არ იყოს და წამლის ფასში გადასატანი. ანუ ერთის მხრივ, გვაქვს ჭარბი სააფთიაქო ქსელები, განსაკუთრებით ქალაქში, თორემ რეგიონებში დეფიციტიც კი გვაქვს.

შემდეგი ფაქტორია დაბალანაზღაურებადი ექიმები, რომელსაც ბევრს აწარმოებს ქვეყანა, ვიდრე სჭირდება. შესაბამისად, ექიმის შრომის ფასი  სათანადოდ არ არის და ექიმი იღებს დაბალ შემოსავალს. სიახლეს არ ვიტყვი, რომ ექიმები თავის დაბალ შემოსავალს აკომპენსირებენ საკომისიო გადასახადებით, რასაც ფარმაცევტული კომპანიები უხდიან, რომ მეტი წამლები დანიშნონ და ამ ფასის ასახვაც ხდება მომხმარებლის ჯიბეზე.

რა გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან? აფთიაქების კუთხით არაფერი დარეგულირებულა; იმპორტის ჩანაცვლების კუთხით დიდი ნაბიჯები არ გადადგმულა; ზედმეტი მუშახელის წარმოების კუთხით არაფერი არ გაკეთებულა და მთელი ეს ფასი და ამ ზედმეტი რესურსის შენახვის ფასი წამლის ღირებულებაზე აისახება“.

“საერთაშორისიო ფონდ “კურაციოს” და “გალტ ენდ თაგარტის” კვლევის მიხედვით, გასული წლის მდგომარეობით, საქართველოში მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების 96% ჯიბიდან გადახდებს წარმოადგენს და სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ მხრივ მხოლოდ 4%-ია.”

წყარო: https://bm.ge/ka/article/ratom-dzvirdeba-medikamentebi–quotkuraciosquot-prezidenti-4-faqtors-asaxelebs/82469

ახალი ამბები