საერთაშორისო ფონდი კურაციო ჯანდაცვის კვლევის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმზე

8-12 ოქტომბრის განმავლობაში გლობალური ჯანდაცვის სისტემები/Health Systems Global ჯანდაცვის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლივერპულში. საერთაშორისო ფონდი კურაციო კი უკვე რიგით მეორე გლობალურ სიმპოზიუმს უძღვება, როგორც HSG-ის სამდივნო ორგანიზაცია.

ჯანდაცვის მეხუთე გლობალურ სიმპოზიუმს 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჯანდაცვის მწვავე გამოწვევებზე მსჯელობს. სიმპოზიუმის სესიები კონცენტრირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვის დაფინანსება, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ახალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების როლი ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში, ინოვაციური ტექნოლოგიები ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. სიმპოზიუმის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია აქ.

საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები უერთდებიან სიმპოზიუმს, როგორც მონაწილეები. მათთან შეხვედრა შესაძლებელია როგორც საგამოფენო სივრცეში, მაგიდა #14-ზე, ასევე სიმპოზიუმის შემდეგ სესიებზე:

 

შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება: რა რატომ სად და როდის? შემოსავლების დონის მხრივ განსხვავებული ქვეყნების შესწავლის მაგალითები

 
სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018წ.
08:00 – 17:00
მერსის აპარტამენტები, სასტუმრო პულმანი
თანმდევი სესია

ეს ერთდღიანი ღონისძიება შეკრებს მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელების შესწავლაზე მაღალი, დაბალი და საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნებში, საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების მიზნით. მონაწილეები განიხილავენ კვლევით მეთოდებს და განსხვავებული შემოსავლების ქვეყნების ჯგუფებში მიღებულ შედეგებს და გაცვლიან მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ამ შედეგებზე კვლევასა და გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტექსტური ფაქტორები.

საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს წარმომადგენელი:

ივდითი ჩიქოვანი წარმოადგენს პროექტით – შედეგები ტუბერკულოზისათვის – მიღებულ გამოცდილებას, თუ რა გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სფეროში გატარებული პოლიტიკის კონტექსტურმა ფაქტორებმა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის განხორციელების ღონისძიებებისა და შეფასების სისტემის დიზაინზე საქართველოში

 

ციფრული ინოვაცია ჯანდაცვის სისტემებში

ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018წ.
12:30 – 13:30
დარბაზი ACC, მე-2 სართული
პანელური სესია

ამ სესიაზე ელექტრონული ჯანდაცვის ტექნოლოგიებში მაღალი ინვესტიციების მქონე ევროპული ქვეყნების გამოცილება შედარებული იქნება იმ ქვეყნების მიღწევებთან, რომელთაც ახლახან დაიწყეს ელექტრონული ჯანდაცვის განვითარებაზე ზრუნვა და მოეწყობა საკვანძო გამოწვევებისა და წინასწარ გაუთვალისწინებელი შედეგების განხილვა.

წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილების მიმღებ პირთა, პოლიტიკის განმახორციელებელთა და საბოლოო მომხმარებელთა თვალსაზრისი და გაიმართება დისკუსია კვლევითი და საინვესტიციო ინფრასტრუქტურის თაობაზე, რომლის არსებობაც აუცილებელია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მიერ მოწინავე გამოცდილების გადმოღებისათვის.

მონაწილე საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს მხრიდან: გიორგი გოცაძე

 

დონორული მხარდაჭერიდან ტრანზიციის პროცესის მართვა: როგორ უზრუნველეყოთ ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგების მდგრადობა

პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018წ.
11:00 – 12:30
ACC ოთახი 4ა
ზეპირი სესია

ჯანდაცვითი პროგრამების დონორული დაფინანსებიდან ტრანზიციისა და შიდასახელმწიფოებრივ რესურსებზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდის პარალელურად ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის ეროვნული პროგრამების პრიორიტეტული ღონისძიებებით მოსახლეობის მოცვის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება. ამ სესიაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა: ტრანზიციის გეგმებში სხვა სექტორების ჩართვა, ინტეგრირების შესაძლებლობათა ძიება, ესენციური მედიკამენტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგების გარანტირება და რესურსების მიზნობრივი მიმართვა ხარჯ-ეფექტიანობის მაჩვენებელთა გაზრდისათვის.

საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს წარმომადგენელი:

ლელა სულაბერიძე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევების შენარჩუნება მდგრადი განვითარების მიზნების ეპოქაში ევროპის რეგიონის იმ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ტრანზიციის პროცესში იმყოფებიან.

 

კურციოს გუნდი სიმპოზიუმზე

გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტი და გლობალური ჯანდაცვის სისტემების დირექტორი
ნანა ჯალაღონია – გლობალური ჯანდაცვის სიტემების კოორდინატორი
ქეთევან გოგუაძე – საერთაშორისო ფონდი კურაციო, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თამარ გოგუაძე – ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი
ივდითი ჩიქოვანი – უფროსი მკვლევარი
ლელა სულაბერიძე – მკვლევარი
მაია უჩანეიშვილი – კვლევითი განყოფილების მენეჯერი

ახალი ამბები