შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების გავლენა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და ხარისხზე საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში

საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევარებმა მიმოიხილეს შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების (P4P) ეფექტურობა პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებში საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ქვეყნებისთვის.

შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების მოდელის შესახებ

შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (P4P) შედარებით ახალი მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მუშაობის გაუმჯობესებას სასურველი შედეგის მიღების მიზნით, მათი ქცევის ცვლილების სტიმულირებისა და მოტივირებისათვის. P4P წარმოადგენს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების ფართო კონცეფციის ერთ-ერთ ფორმას. იგი მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ სამედიცინო მომსახურების რომელ დონეზეა ორიენტირებული სტიმულირების ესა თუ ის სქემა, როგორ ხდება მუშაობის ხარისხის შეფასება და როგორია ბონუსების სტრუქტურა, მოცულობა დასიხშირე.  მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში P4P დანერგილია, როგორც ანაზღაურების სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებული დამატებითი მექანიზმი. იგი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

ადგილობრივი კონტექსტი

საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ხასიათდება პრივატიზებული ჯანდაცვის სისტემით. საქართველო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. მიუხედავად პროგრამის დიზაინში განხორციელებული ცვლილებებისა, პირველადი ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია კვლავ დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდგომ საქართველოში სერვისების მოხმარების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა, პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს ეგრეთ წოდებულ მეკარიბჭის ფუნქციას. ფიქსირდება ოჯახის ექიმების მიერ ექიმ-სპეციალისტებთან პაციენტთა გადაგზავნის მაღალი მაჩვენებლები, რაც იწვევს ჯანდაცვაზე ჯიბიდან ხარჯების ზრდას. იგი ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების ეფექტურ მართვას, არ იცავს პაციენტებს ძვირადღირებული სპეციალიზებული და სტაციონარული სერვისების მოხმარებისგან და ვერ იცავს ჯანდაცვის სისტემას გაზრდილი დანახარჯებისგან.

პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმართა საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევართა გუნდს მტკიცებულებების სინთეზის დოკუმენტის შემუშავების თხოვნით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მტკიცებულებათა მიმოხილვა აჯამებს არსებულ ლიტერატურას P4P ეფექტურობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გამოყენებაზე და ხარისხისზე, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

დოკუმენტი შემუშავდა, სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისპროცესში (ERA) – პროგრამის ფარგლებში. სამუშაოები ჩატარდა ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR) / ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი სრულად.

 

ახალი ამბები