COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში: მკვლევართა ჯგუფის რამოდენიმე მოსაზრება N2

22 აპრილის განახლება, თბილისი

ასევე წაიკითხეთ 12 აპრილის მიმოხილვა

როგორც მკითხველისთვის ცნობილია, ჩვენმა ჯგუფმა 12 აპრილს გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობის ტენდენციებზე და შემდგომი 10 დღის (21 აპრილამდე) მოლოდინებზე. დღეს 21 აპრილია და ვიფიქრეთ შეგვეფასებინა ჩვენი მოლოდინები, გაგვეანალიზებინა, თუ რა მოხდა ჩვენი პუბლიკაციიდან 10 დღის შემდეგ და რას შეიძლება ველოდოთ ხვალ? რა გავიგეთ ახალი COVID19-ის შესახებ ბოლო 10 დღის მანძილზე და რაზე გვმართებს ფოკუსირება მომავალში.

რა სიჩქარით იზრდება ეპიდემია საქართველოში?

გასული 10 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთი დღე, როდესაც დღიურად დადასტურებული შემთხვევები 16 აპრილს 42-მდე გაიზარდა[1], გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი (პირველი 100 შემთხვევის მერე) კვლავაც წრფივია და 7.3%-ია (ოდნავ უფრო ნაკლები ვიდრე წინა პუბლიკაციაში-7.5%). ერთი დღის ნახტომმა გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში, გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშები შექმნა. მიგვაჩნია, რომ ერთი დღის მონაცემით ეპიდემიის ზრდის ტენდენციებზე საუბარი და პანიკა არასწორია, რაც მომდევნო დღეებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობითაც დადასტურდა. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჯობს, სამი ან ხუთი დღის საშუალო მაჩვენებლებით ვისაუბროთ, რაც უფრო რეალურ ტენდენციას წარმოაჩენს. თუმცა არც ეს მეთოდია უნაკლო. (იხ. შემდეგ).

მეორე, გვინდა წარმოვადგინოთ COVID19-გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც სხვა ქვეყნების მაგალითზე წარმოჩინდა. კერძოდ, ამ ვირუსს ჩანს რომ ნახტომისებური განვითარება ახასიათებს, როგორც ეპიდემიის ზრდის ასევე,კლების ფაზაში. ეს ტენდენცია გრაფიკზე მოყვანილი მაგალითებიდანაც იკვეთება და ასევე საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევებიდანაც ჩანს. სწორედ ამიტომ ერთი დღის მონაცემებზე აჟიოტაჟი არ ღირს და იმასაც უნდა ველოდოთ, რომ როდესაც საქართველო ეპიდემიის პიკს გადაივლის მაშინაც იქნება დღეები, როცა დადასტურებული შემთხვევების ნახტომებს დავინახავთ, რამაც არც ჟურნალისტები და არც საზოგადოება არ უნდა შეაშინოს, მითუმეტეს ექსპერტები და სახელმწიფოს მესვეურები.

ის რომ ეპიდემია ჯერ კიდევ წრფივად იზრდება და არა ექსპონენციალურად, ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს მიერ 10 დღის წინ გაჟღერებული მოლოდინი გამართლდა და 21 აპრილსთვის შემთხვევების რაოდენობამ 500-ს არ გადააჭარბა. რაც შეეხება მომავალ 10 დღეს, აქ რაიმეს თქმა გაცილებით რთულია, რადგან სავარაუდოდ, ბზობის და აღდგომის დღესასწაულების გავლენა, თუ ასეთი იქნება, სწორედ მომდევნო 10-14 დღის განმავლობაში გამოვლინდება. თუ დღესასწაულების პერიოდში დისტანცირების და ჰიგიენის წესების მასობრივი დარღვევა არ მოხდა, მაშინ სავარაუდოდმომდევნო ათ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000 შემთხვევის ფარგლებში იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ შემთხვევათა ექსპონენციურ ზრდას მივიღებთ. თუ ზუსტად რა მოხდება, დღეს ამის თქმა შეუძლებელია და ალბათ ყველა ერთად უნდა დაველოდოთ. ვთვლით, რომ მომავალი 1-10 მაისი პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის: ან შევინარჩუნებთ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც ეფეტურად უმკლავდება ეპიდემიას ან ვერა. ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ სისტემის ყველა რგოლი მზადყოფნაში გვქონდეს, რათა თუ ეპიდემიის გავრცელებამ არასასურველი ტრაექტორია შეიძინა, შევძლოთ დარტყმის ადეკვატურად გამკლავება.

და ბოლოს, მიუხედავად ეპიდემიის ზრდის ნელი ტემპისა, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რადგან ვირუსის რეპროდუქციის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 1.63 ± 0.28-ია (ხოლო 21 აპრილის მდგომარეობით 1.68 ± 0.15). რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთი პაციენტი საშუალოდ 1.63 ადამიანს აავადებს და რომ ეპიდემიის ზრდის გარდატეხისგან ჯერ შორს ვართ, ანუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი დროში განგრძობილად ერთზე ქვემოთ ვერ ჩამოვწიეთ, რაც  ეპიდემიის ჩასაქრობად აუცილებელია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვთვლით რომ ჩვენი ქვეყანა ინფექციის გავრცელების ძალიან ადრეულ ეტაპზეა, და ეპიდემიის გარდატეხაზე საუბარი ნაადრევია. ამასთანავე, მოსალოდნელი ეპიდემიის პიკი საქართველოში ჯერჯერობით გაბრტყელებულია (არა დადაბლებული) და “ფიზიკური” დისტანცირების ზომები იმდენად გამკაცრებულია, რომ არსებული ჰოსპიტალური რესურსის 10%-საც კი არ ვიყენებთ?! თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან 46 დღეა გასული, ვთვლით, რომ ჯანდაცვის სისტემა წესით მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ყოველდღიურად 50 პაციენტი (ოღონდ არა ის მსუბუქი ფორმები რომელიც დღეს არის ჰოსპიტალიზებული) მიიღოს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია რეალურად ესაჭიროება – ანუ სადღაც 700 პაციენტი 2 კვირის ინტერვალში. საყურადღებოაკოლეგების მოსაზრება რომ თუ ინფექციას მართვადი გავრცელების საშუალება არ მივეცით, ძნელი იქნება არსებული სიტუაციიდან გამოსვლა. ხოლო თუ რა ჭირდება მართვად გავრცელებას, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

რა ხდება საზოგადოების მობილურობის კუთხით?

16 აპრილს Google-მა მობილურობის მე-3 ანგარიში გამოქვეყნა რომელიც სხვადასხვა ადგილებში მობილურობის მაჩვენებლებს წარმოაჩენს 11 აპრილის მდგომარეობით. საქართველოში ამ მხრივ წინა პერიოდთან შედარებით (5 აპრილი) მნიშვნელოვანი ძვრები არ აღინიშნება, გარდა სამუშაო ადგილებში მობილურობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემცირებისა (7%-ით) და საცხოვრებელ ადგილებში კონტაქტების 2%-ით ზრდისა. სხვა დანარჩენი მაჩვენებელები თითქმის იგივეა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ “ფიზიკური” (სოციალური) დისტანცირების ყველაზე დიდ ეფექტს საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის შემოღებამდე მიაღწია.  31 მარტის შემდეგ კი მნიშვნელოვნად მხოლოდ სამუშაო ადილებზე საზოგადოების მობილობა შემცირდა.

ცხადია, რომ ერთის მხრივ მობილობის შემცირება გვეხმარება იმაში, რომ ინფექცია სწრაფად არ ვრცელდება და მეორეს მხრივ ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ გატარებული კონტაქტების კვლევის და იზოლაციის ზომები. თუმცა, ისმის სამართლიანი კითხვა: როდემდე გაუძლებს საზოგადოება და ეკონომიკა ამ დოზით იზოლაციას? ეს კითხვა მეტად აქტუალური გახდა ბოლო კვირის მანძილზე, როგორც საქართველოში ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ასეთ მკაცრ “იზოლაციას” საზოგადოება დიდხანს ვერ გაუძლებს და ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დროულად დაიწყოს მჯელო:ბა (ა) გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე/საჭიროებაზე, რათა ნაკლებ ეფექტური ფიზიკური დისტანცირების მეთოდები შესუსტდეს, ხოლო მაღალი ეფექტის მომცემი შენარჩუნდეს-გაძლიერდეს; (ბ) ვფიქრობთ რომ ეპიდზედამხედველობის, კონტაქტების მოკვლევის, იზოლაციის ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს-გაფართოვდეს, რომ ეპიდემიის შეკავება გავაგრძელოთ და (გ) აუცილებელია ეპიდემიის გავრცელებაზე ადეკვატური მონიტორინგის მექანიზმი გვქონდეს. სამწუხაროდ, მარტო დაინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობების ყოველდღიური გამოქვეყნებით ეს ვერ მოხერხდება, და საჭირო იქნება უფრო ჩაღრმავებული ეპიდ-ანალიზი, მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებში ეპიდ-კვლევასთან და ტესტირებასთან ერთად. მოკლედ, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საუბარი გახსნა არ გახსნის თაობაზე და ვთვლით, რომ ეს საუბარი საქართველოსთვისაც გარდაუვალია. თუმცა ამგვარი დიალოგისთვის აუცილებელია ხარისხიანი ანალიტიკური ნაშრომები, გათვლებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია, რაც ჯერ-ჯერობით მეტად მწირია საჯარო თუ სამეცნიერო სივრცეში და უფრო მეტად “ექსპერტულ” მოსაზრებებს ვეყრდნობით, ვიდრე საქართველოში წარმოებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს. ამ პირობებში უფრო მეტად გაუგებარია თუ რას ემყარება ესა თუ ის ეროვნული გადაწყვეტილება, რომელ მონაცემებს ან/და რომელ კვალიფიციურ ანალიზს?

რა გავიგეთ ახალი ვირუსის შესახებ ბოლო 10 დღის მანძილზე?

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის წინასწარი მონაცემებით სანტა-კლარას რაიონში COVID19 ინფექციის გავრცელების დონე 50-85-ჯერ მეტი აღმოჩნდა ვიდრე ეს ჯანდაცვის სიტემამ დააფიქსირა – 956 შემთხვევა. ანუ მათი გათვლებით მოსახლეობის 2.5%-4.2%-ს ინფექცია გადატანილი აქვს.

ასევე არსებობს ისლანდიის კვლევის მონაცემები, რომელიც მიხედვითაც ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 0.86% აქვს გადატანილი ინფექცია, ხოლო ავსტრიაში ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემებით – 0.33%-ს. ლოსანჯელესშიჩატარებული კვლევით ვარაუდობენ მოსახლეობის 5.6%-ის ინფიცირებას.

რას ეუბნება ეს ყოველივე საქართველოს?

პირველი- ეს ყველაფერი არის ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემები და ოფიციალურ მეცნიერულ პუბლიკაციებს უნდა დაველოდოთ, რომ მიღებული მონაცემების ხარისხში დავრწმუნდეთ.

მეორე- ადასტურებს იმ ვარაუდს, რაც აქამდე მხოლოდ მოდელირებით იყო დათვლილი. კერძოდ ის, რომ ინფექციის გავრცელების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა იჭერს, სავარაუდოდ ასიმპტომური პაციენტების ხარჯზე, თუმცა, არა მარტო ამის გამო. თუმცა ამ კვლევებით მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებულია (ნაკლებია) მოდელირების ადრე გამოქვეყნებული შედეგებისგან და ამიტომ ინფექციის ფარული გავრცელების დონე ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რომ ეს ფაქტორი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოშიც გავითვალისწინოთ. კერძოდ თუ მსგავს კვლევას დავგეგმავთ რამდენი ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ.

მესამე- გავიგეთ, რომ COVID19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ არის რაც იტალიის, ესპანეთის და ნიუორკის მაგალითზე ვნახეთ, სადაც ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მაღალი იყო. თურმე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესადარისია სეზონური გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მოვახერხებთ ჯანდაცვის სიტემის მართვად დატვირთვას, წესით არ უნდა გაგვეზარდოს სიკვდილობის მაჩვენებელი. მაგრამ მოვახერხებთ ჯანდაცვის სისტემის მართვად დატვირთვას თუ არა, ეს ჯანდაცვის სფეროს მესვეურების კომპეტენციაა. ამგვარ მართვად დატვირთვას აუცილებლად დასჭირდება სულ მცირე რამოდენიმე რამ: ა) მთავრობამ და საზოგადოებამ ვიცოდეთ თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, რომ მსუბუქი პაციენტები ბინაზე მართოს პირველადი ჯანდაცვის დონეზე (და არა ისე როგორც დღეს ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება) და მძიმე შემთხვევები საავადმყოფოებში? სხვა ქვეყნების მაგალითზე მხოლოდ 2%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და საქართველოში დღემდე ყველა პაციენტი საავადმყოფოში იწვა; (ბ) რამდენი საწოლი გვაქვს მზად და რამდენი პაციენტის (სიმძიმის მიხედვით მძიმე, კრიტიკული) გატარება შეგვიძლია ერთდროულად? 100-ის, როგორც ამაზე ექიმები ეთერიდან გვესაუბრებიან თუ 800-900-ის, რასაც დარგის მესვეურები ამბობენ? თუ 3500-ის? ვთვლით რომ ამ რიცხვებს შორის ისეთი სხვაობაა, რომ დაზუსტების გარეშე მართვადი დატვირთვა აბსურდული ცნებაა; (გ) რომელ ასაკობრივ ჯგუფებს გადააქვთ დაავადება ადვილად და რომელს არა? მედიაში ექიმების გამოსვლებს თუ მოვუსმენთ საქართველოში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა სხვაგვარია ვიდრე ამას სხვა ქვეყნები აქვეყნებენ. თუ რას ეფუძნება ეს განცხადებები უცნობია, ჯერ არცერთი ქართველების მიერ მომზადებული მეცნიერული სტატია არ გამოქვეყნებულა და არც რიცხვები, სადაც ჰოსპიტალიზირებული 408 შემთხვევის ან გამოჯანმრთელებული 95 შემთხვევის ანალიზი იყოს წარმოჩენილი/აღწერილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით საქართველოში საშუალოდ რამდენია საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობა, საშუალოდ რამდენი დღე სჭირდება კრიტიკულ პაციენტს ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფნა და ა.შ. მავანნი იტყვიან ამის დრო სად არისო? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, სჯობს დრო მოვნახოთ და ეს მტკიცებულებები გამოვაქვეყნოთ, ვიდრე დროის ნაკლებობა მოვიშველიოთ და მთელი ქვეყანა და მისი ეკონომიკა  განუსაზღვრელი ვადით სახლში გამოვკეტოთ.  თუ ამის დრო ჩვენ არ გვაქვს, იქნებ უნივერსიტეტებიდან ან სხვა კვლევითი ორგანიზაციებიდან (საქართველოში თუ საზღვარგარეთ) მოივწვიოთ კოლეგები და ვთხოვოთ დახმარება, ან საჯარო სივრცეში გამოვაქვეყნოთ კრიტიკული ინფორმაცია, რომ ბოლო-ბოლო გავარკვიოთ ვინ ვატაროთ სამსახურში და ვინ გამოკეტოთ სახლში? ვისი დაწვენა არის აუცილებელი საავადმყოფოში და ვინ ადვილად გადაიტანს დაავადებას სახლში? ამ დისკუსიაში ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ რომ, ჩინეთის მონაცემებზე დაყრდნობით ინფექციის შემდგომი გავრცელება ერთი პაციენტიდან მეორეზე  44%-ში დაავადების პრესიმპტომურ ფაზაში მოხდა. ეს იმაზე მიუთითებს რომ ოჯახურ კლასტერებში გავრცელებას ალბათ ვერ ავცდებით მიუხედავად მკაცრი საკარანტინო ზომებისა, რადგან მცირდება იზოლაციის ეფექტურობა თუმცა არ კნინდება მისი მნიშვნელობა, და ყველას მიერ ნიღბების გამოყენება კიდევ უფრო აუცილებელი ხდება.

გასულ კვირაში გერმანიამ და შვეიცარიამ, რომელთაც დღემდე COVID19 ეპიდემია მართვადი დატვირთვით იარეს, გამოაქვეყნეს ფიზიკური დისტანცირების შესუსტების კალენდარული გეგმები, რათა ეკონომიკას დროულად მისცენ სუნთქვის საშუალება. ვისურვებდით, რომ ამგვარი გეგმა ჩვენც შევიმუშავოთ და მალე გამოვაქვეყნოთ, რადგან გვგონია რომ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იცოდეს თუ რა ელის და ხელისუფალი ვალდებულია საზოგადოებას ეს უთხრას.

 

საერთაშორისო ფონდი “კურაციოს” მკვლევართა ჯგუფი

[1] https://www.worldometers.info/coronavirus/country/georgia/

ახალი ამბები

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *