ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა

ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

კვლევის ფოკუსი საკითხის აქტუალურობით განისაზღვრა, რადგან ჯანდაცვის ადამიანური რესურსი პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების ხარისხთან, რომლის მართვაც 2017 – 2030 წლებში ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკის  ერთერთ პრიორიტეტია.

მედია კვლევის შესახებ:

  1. გიორგი გოცაძის ინტერვიუ გადაცემა “ანალიტიკაში” – ექთნების რაოდენობა 1.8 ჯერ დაბალია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით
  2. ლელა სულაბერიძე რადიო თავისუფლების ეთერში: “გვყავს საშუალო ევროპულ ქვეყანაზე ორჯერ მეტი ექიმი და ორჯერ ნაკლები ექთანი”

წარმოდგენილი ანგარიში ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ვიმედოვნებთ, რომ ანალიზში დასმული აქცენტები სასარგებლო იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის და ხელს შეუწყობს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.

კვლევის ძირითადი მიგნებები
სამედიცინო კადრის რაოდენობრივი დისბალანსის პრობლემა
  • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაშია ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რადგან:
  • თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი;
  • თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები.
  • თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულების ხარჯის დაახლოებით 60-70% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის, რომ ღარიბი საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს (ნაცვლად ექთნებისა) და, შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს, რაც ფინანსურ ტვირთად მოსახლეობას აწვება.
  • ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არსებობს სექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი თითქმის არ ჰყავს და თუ ყავს – მეტად არასაკმარისი რაოდენობით.
სამედიცინო კადრის გეოგრაფიული დისბალანსი

ექიმების სიჭარბის გარდა სამედიცინო კადრი ქვეყანაში არათანაბრად არის გადანაწილებული:

  • თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი;
  • თბილისს ექთნები არ სჭირდება, რადგან ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის მაშინ, როცა ევროპაში ეს თანაფარდობა პირიქითაა და ორი ექთანი ეხმარება ერთ ექიმს, შესაბამისად ხარისხიც უკეთესია;
  • არც სხვა რეგიონებში არის საქმე კარგად: მცხეთა-მთიანეთში ერთ ექიმზე ერთი ექთანია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ერთ ექიმს 1.48 ექთანი ეხმარება.
ექიმების პროდუქტიულობა

ექიმების სიჭარბის და მოსახლეობის მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაბალი მოხმარების ფონზე ექიმების პროდუქტიულობა დაბალია როგორც ჰოსპიტალში, ასევე ამბულატორიაში.

  • საქართველოში საავადმყოფოს ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 42 პაციენტს მკურალობს, უნგრეთში – 104-ს და გერმანიაში კი – 116-ს, ანუ თითქმის სამჯერ მეტს.
  • საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი წელიწადში საშუალოდ 1,062 პაციენტს იღებს, ანუ დღეში საშუალოდ – ოთხს, ლიტვაში კი – 5,944 ანუ დღეში საშუალოდ – 24-ს.
  • სავარაუდოა, რომ ექიმების დაბალი პროდუქტიულობა ნაწილობრივ ექთნების დეფიციტითაც იყოს განპირობებული

სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

თვალი ადევნეთ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრს, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ აფასებს სფეროში მიმდინარე მოვლენებს.

ბარომეტრის წინა ტალღის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

ახალი ამბები