ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-9 ტალღა

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეცხრე ტალღა 2017 წლის პირველ ნახევარს აკვირდება და აფასებს ცვლილებებს, რომელიც სფეროში განხორციელდა.

წინა ტალღების მსგავსად, მეცხრე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს და სხვა ოფიციალურ წყაროებს (ყველა დამხმარე წყაროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია კვლევის ანგარიშში).

კვლევის ძირითადი მიგნებები

რესპონდენტთა მოსაზრება წარმატებულ ნაბიჯებსა და არსებულ ხარვეზებზე ასეთია:

  1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
  2. სფეროს მეორე, მნიშვნელოვან წარმატებად, წინა ტალღების მსგავსად C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა დასახელდა.

გარდა მიღწევებისა, რესპონდენტები მიუთითებენ არსებულ გამოწვევებზე:

  1. ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში და სახელმწიფო ხარჯების მართვა/ადმინისტრირება ჯანდაცვის სისტემის უმთავრეს გამოწვევებად რჩება. ბარომეტრის რესპონდენტების მოსაზრებები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებთან, მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით. ექსპერტები საუბრობენ სახელმწიფო შემსყიდველის (სოც. მომსახურების სააგენტოს) ადმინისტრაციული შესაძლებლობების სიმცირეზე, ეფექტურად მართოს სახელმწიფო დანახარჯები. ასევე ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში არსებულ ხარვეზებზე: პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფრაგმენტირებულობითა და მიმწოდებლებში მოტივაციების არარსებობის გამო ჰოსპიტალური სერვისების ხშირი გამოყენების  თავიდან აცილების სისუსტეზე.
  2. რესპონდენტები პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ, რაც ასევე დასტურდება შემდეგი სტატისტიკური მონაცემებით:
  • ამბულატორიული სერვისებზე გვაქვს დაბალი მიმართვიანობა – 2016 წლის მონაცემებით ერთი სული მოსახლე 3.5-ჯერ მიმართავს ამბულატორიულ დაწესებულებას. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის შემცირებას 770,000 ადამიანით (2014 წლის აღწერის მონაცემებით) გამოდის, რომ პჯდ სერვისების უტილიზაცია 2016 წელს წინა წელთან შედარებით მხოლოდ 10%-ით არის გაზრდილი;
  • ამავდროულად იმატა ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებამ, განსაკუთრებით გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების, რომელიც 2016 წელს 2012-თან შედარებით 301%-ით არის მომატებული (2014 წლის აღწერის მონაცემების გათვალისწინების გარეშე ეს მაჩვენებელი 232%-ით არის მომატებული).

ჰოსპიტალური სერვისების მაღალი უტილიზაციის შესაბამისად, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მიხედვით, ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯი სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებებს შორის 2012 წლიდან 2015 წლამდე შემდეგი დინამიკით იცვლება:

  • ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში სტაციონარულ მომსახურებაზე ხარჯი 20%-დან 31%-მდეა გაზრდილი,
  • ხოლო ამბულატორიულ მომსახურებაზე შემცირებულია 19%-დან 17%-მდე.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სისტემაში აუცილებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სერვისების გამოყენებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს ძვირადღირებული სერვისების მოხმარებას  და შესაბამისად, ჯანდაცვის დანახარჯებში ჰოსპიტალურ მომსახურებასა და პჯდ-ზე დანახარჯებს უფრო რაციონალურს გახდის.

ფასების დინამიკა და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის შეფასება

ბარომეტრის მეცხრე ტალღაში გამოკითხულ სპეციალისტთა 66.7% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა. რესპონდენტთა:

  • 69% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
  • 76.2% მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა
  • 50% თვლის, რომ ბოლო 6 თვის პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ნახევარში

  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა ⬆5.2%-ით
  • სამედიცინო პროდუქცია (მედიკამენტები) გაძვირდა ⬆7.2%-ით

მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიშში მოყვანილი შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ  2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით არის მომატებული იმ შინამეურნეობების (ოჯახების) რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ.

რესპონდენტებში სამომავლო მოლოდინები

მოლოდინები ძირითადად კვლავ პესიმისტურია, თუმცა ბარომეტრის წინა ტალღასთან შედარებით რამდენადმე შემცირებულია უარყოფითი განწყობების მქონე სპეციალისტთა რაოდენობა. ერთადერთი ინდიკატორი, სადაც სპეციალისტთა მოლოდინები უარესდება ჯიბიდან გადახდებია:

  • გამოკითხულთა 61.9% მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯიბიდან გადახდების მატებას მოელის.

ბარომეტრის პრეზენტაცია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

ასევე იხილეთ ტელეეთერი კვლევის მიგნებების შესახებ.

მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

ახალი ამბები

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.