საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, ტალღა 11 – ფარმაცევტული სექტორის ანალიზი

ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.  წარმოგიდგენილი აქცენტები კვლევაში ჩართული ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებებს ეფუძნება და მათ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან კავშირში აანალიზებს.

კვლევა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ სექტორზე ფოკუსირდა.   2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69 %-ს შეადგენს. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი 36 % (2016 წლის მაჩვენებლით). ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს.

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებით კი ასეთი ოჯახების მატება მოსახლეობაში ფარმაცევტულ საშუალებებზე დახარჯული თანხების მატებასთან არის დაკავშირებული (სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვა, მსოფლიო ბანკი 2017).

ჯანდაცვის დაფინანსების ტვირთის შესამსუბუქებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის მაისიდან ახალი ცვლილება განახორციელა უმწეო მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით.

ამ და დარგში გატარებულ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სპეციალისტების მოსაზრებები ასეთია:

ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი წარმატება

 ბარომეტრის IX ტალღის მსგავსად, XI ტალღის რესპონდენტები ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილებას – მოსახლეობის შემოსავლის დონის მიხედვით ბენეფიციარებისა და სარგებლის პაკეტის დიფერენცირებას
  • უმწეო მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედებას,
  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დადებით შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სფეროს ერთერთ მნიშნვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობას ბარომეტრის რესპონდენტები მეხუთე ტალღიდან მოყოლებული ასახელებენ
  • კვლევის მიმდინარე ტალღაში ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებების ნუსხას პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედება შეემატა

 

სფეროს გამოწვევები

ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების ნუსხა თითქმის უცვლელია ბარომეტრის IX ტალღაში დასახელებულ გამოწვევებთან შედარებით და მოიცავს შემდეგს.

  1. ჯანდაცვის დანახარჯების ხარჯთ-ეფექტურობა
  2. მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა
  3. სამედიცინო მომსახურების ხარისხი
  4. სამედიცინო განათლების სისტემა
  5. პირველადი ჯანდაცვა

გამოწვევებზე დეტალურად წაიკითხეთ კვლევის ანგარიშში.

 

გამოწვევების საპასუხო ინიციატივები

ბარომეტრის რესპონდენტები ფარმაცევტულ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბოლო 1 წლის მანძილზე მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ასახელებენ:

  1. უმწეო მოსახლეობისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედებას
  2. ელექტრონული რეცეპტების ამუშავებას თბილისის მასშტაბით
  3. პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის ახალ ინიციატივას

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტები პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად დანიშნული მედიკამენტების რაოდენობის და შესაბამისად, პაციენტებში მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ელიან. ასევე, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მოლოდინიც აქვთ.

თუმცა, რესპონდენტთა ნაწილი ინიციატივის წარმატებით განხორციელებას რისკებს უკავშირებს. კერძოდ გამოწვევად აღიქვამს

  1. ადმინისტრირების სირთულეს – ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობის პირობებში
  2. მონიტორინგის და შეფასების სრულყოფილი მექანიზმის არარსებობას

სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

შემდეგი ბარომეტრი 2019 წლის მარტში.

ახალი ამბები